19.11.2021
კონტექსტი
18 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. ბლოგერი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ მასალების მომზადებას გეგმავდა, საზღვრის კვეთისათვის საჭირო დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა, თუმცა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზები არ განუმარტეს.
ჟურნალისტის უფლების შეზღუდვა
მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პატივი სცეს ჟურნალისტების გადაადგილების თავისუფლებას და უკრაინელი ჟურნალისტების უფლებას შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე.
კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროულ განმარტებებს საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების შეფერხებასთან დაკავშირებით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელ ჟურნალისტებს საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან. 27 ოქტომბერს ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს.