აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებმა “აჭარა TV-ზე” კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა
24.11.2021
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირების შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში ბოლო ორი წელია კრიტიკისგან დაცლილი და ხელისუფლების მიმართ ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა, უთანასწორობა, რეპრესიული და მტრული შრომით პირობებია.

რა მოხდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებამ აჭარის მაუწყებელში გიორგი კოხრეიძის დირექტორობის “2 წლიანი პერიოდის ალტერნატიული/კრიტიკული ანგარიში” გამოაქვეყნა. კვლევა 2019 წლის 22 ნოემბერდან 2021 წლის 22 ნოემბრის პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში მიმოხილულია გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევამდე მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები და შეჯამებულია ბოლო 2 წლის განმავლობაში აჭარის ტელევიზიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები.

ვის აერთიანებს აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირები არხის 65-მა თანამშრომელმა 2020 წლის 28 იანვარს დააფუძნა. მათი თქმით, ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო ხაზი გახდა ლოალური როგორც რეგიონული, ისე - ცენტრალური ხელისუფლების მიმართ და სრულიად დაიცალა კრიტიკისგან;
  • მოიშალა შრომითი დისციპლინა და გაღრმავდა შრომითი უთანასწორობა დასაქმებულ პირებს შორის. კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში, არ არის დაკავშირებული კომპეტენციის ზრდასთან და შემოფარგლულია მენეჯმენტთან სიახლოვის კრიტერიუმით;
  • მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობა (განსაკუთებით - „ქართული ოცნების“ კვოტით გასული სამი წევრი) მოქმედებდა საკუთარი სამართლებრივი არსის წინააღმდეგ და ნაცვლად მაკონტროლებლის ფუნქციის შესრულებისა, მწვანე შუქს აძლევდა დირექტორის ყველა დამაზიანებელ გადაწყვეტილებას;
  • რეპრესიული და მტრული შრომითი პოლიტიკის გამო, ორგანიზაცია დატოვეს პროფესიონალმა თანამშრომლებმა. მათი ნაწილი პირდაპირ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას, ან შეუქმნეს თავისუფლად მუშაობისთვის შეუსაბამო გარემოპირობები;
  • მაუწყებელმა სრულად ჩააგდო პანდემიის პირველ რამდენიმე ტალღასთან დაკავშირებული სირთულეები; განსაკუთრებით - მაყურებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების კომპონენტი. ამით, ისედაც მძიმე გარემოპირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო გაართულა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ყოველდღიურ რეჟიმში;
  • ნაცვლად იმისა რომ მაუწყებლის მენეჯმენტს რეალურად ეჩვენებინა მაუწყებლის ფუნქცია, სარგებელი და საჭიროება მთელი საზოგადოებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მოქალაქეებისთვის, ის დაკავებული იყო ამისგან სრულიად საპირისპირო საქმიანობით;

ალტერნატიული პროფკავშირების დაკვირვებით, აჭარის ტელევიზიაში ახალი კადრების მიღება, ხშირ შემთხვევაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ემყარებოდა. “კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში, არ არის დაკავშირებული კომპეტენციის ზრდასთან და შემოფარგლულია მენეჯმენტთან სიახლოვის კრიტერიუმით”. პროფკავშირების შეფასებით, ამგვარი მიდგომა და პრაქტიკა სრულიად უპერსპექტივოს ხდის თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მაუწყებელში საკუთარი საქმიანობის პირნათლად შესრულებას და გულგრილ, უიმედო მდგომარეობაში ამყოფებს მათ.

ანგარიშში საუბარია პანდემიის პერიოდში მაყურებლის ინფორმირების პრობლემაზეც: აჭარის მაუწყებელმა “არათუ ახალი და შეცვლილ რეალობაზე მორგებული გადაცემები ვერ შესთავაზა მაყურებელს, არამედ - რადიკალურად შეამცირა არსებული საეთერო ბადეც კი; ამასთანავე, კვირაში მხოლოდ ერთი დღე დაუთმო სამედიცინო გადაცემას და ამით, ინფორმაციული სიმწირის შევსების ნაცვლად - გააღრმავა ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესი რიგითი მოქალაქეებისთვის”.



კონტექსტი

გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ ცვლილებები აჭარის ტელევიზიის არაერთ თანამშრომელს შეეხო. ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგიერთმა მათგანმა კი თავად დატოვა მაუწყებელი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.

მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებდნენ გავლენიანი ორგანიზაციებიც. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მმართველი პარტიის გავლენის შესახებ რამდენიმე საერთაშორისო ანგარიშში, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლისა და „რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს“ 2021 წლის ანგარიშებშია საუბარი.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ