წინასაარჩევნო დებატების არქონის გამო, კომუნიკაციების კომისიამ 3 არხი დააჯარიმა
25.11.2021
2021 წლის საარჩევნო კამპანიის დროს, წინასაარჩევნო დებატების ეთერში არ განთავსების გამო, კომუნიკაციების კომისიამ “იმედი”, “მაესტრო” და “ქართულ არხი” სანქციის მინიმალური რაოდენობით - 2500-2500 ლარით დააჯარიმა.

რა მოხდა

25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ სხდომაზე “იმედის”, მაესტროს” და “ქართული არხის” საქმეები განიხილა და ტელეარხებს მაუწყებლობის შესახებ კანონის 55-ე მუხლის დარღვევა დაუდგინა. ეს მუხლი მაუწყებლებს ავალდებულებს, რომ ეთერში წინასაარჩევნო დებატები განათავსონ.

კომისიის წარმომადგენლის, პავლე ბერიას განმარტებით, მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ ამ სამ არხზე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, დებატები განთავსებული არ ყოფილა.

სხდომაზე პირველი, “იმედის” საქმე განიხილეს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, მაუწყებელს ჯარიმის მინიმალური ოდენობა - 2500 ლარის გადახდა დაეკისრა.

კომისიის წევრებმა შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნიეს ის, რომ “იმედი” აღიარებს სამართალდარღვევას. კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა დამატებით განმარტა, რომ ეს “იმედისთვის” პირველი ფინანსური ჯარიმაა და “მათი პრაქტიკიდან გამომდინარე, მინიმალური ჯარიმას იყენებენ”.

„შემდეგში, თუ ანალოგიური ტიპის დარღვევა იქნება, არაფრით მივემხრობი მინიმალურ ფინანსურ ჯარიმას და მე პირადად, დავაყენებ მაქსიმალური ფინანსური ჯარიმის საკითხს და ეს გაითვალისწინეთ, ძალიან გთხოვთ და შემდგომში ძალიან ყურადღებით და მკაცრად დაემორჩილეთ საკანონმდებლო მოთხოვნებს”, - ასე მიმართა კახა ბექაურმა ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენელ ნინო ფაშალიშვილს.

იმედის პოზიცია

სხდომას “იმედის” წარმომადგენელიც ესწრებოდა, თუმცა ტელეკომპანიის პოზიციის შესახებ სხდომაზე მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა პავლე ბერაიამ ისაუბრა. მისი თქმით, “იმედი” აღიარებს, რომ წინასაარჩევნო დებატები ეთერში არ ჰქონია და ამას ასე ასაბუთებს:

  • მაუწყებლებისთვის დადგენილი არაერთი მკაცრი მოთხოვნა კომპანიის მხრიდან დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსის გამოყოფას მოითხოვს.
  • დადგენილი მოთხოვნების უმეტესობა მაუწყებელს იძულებულს ხდის, გადააწყოს საკუთარი სამაუწყებლო ბადე და შეუსაბამოს ის საკანონმდებლო მოთხოვნებს. აღნიშნული გამოიხატება როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების ვალდებულებაზე, ისე, პროგრამირების კუთხით.
  • საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემის აღმოფხვრის შედეგად, მაშინ, როდესაც არაერთი მაუწყებელი განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკით და მრავალფეროვანი კონტენტით მაუწყებლობს, კანონმდებლობის ასეთი მკაცრი მოთხოვნების საჭიროება არ დგას და ნორმები გადახედვას საჭიროებს.

რას ამბობს კანონი?

მაუწყებლობის შესახებ კანონის 55-ე მუხლის თანახმად:

1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ