26.11.2021
რას ედავება კომისია “მთავარ არხს”
25 ნოემბერს კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხის” ეთერში 17 და 18 ნოემბერს გასული სამი ვიდეორგოლის გამო დაუდგინა სამართალდარღვევა:
● პირველ ვიდეოში, რომელიც მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ არის გაკეთებული, „ქართული ოცნების “წარმომადგენლების ფოტოები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახის კონტურში ერთიანდება და ეწერება „სირცხვილია“. ვიდეოს ფონად გასდევს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკა.
● მეორე ვიდეორგოლში ნაჩვენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელსაც აწერია #თავისუფლებამიშას, რასაც მოსდევს საქართველოს პენიტენციური სამსახურის იმ ხელმძღვანელი პირებისა და მოსამართლეების ფოტოები, რომელთაც შეხება ჰქონდათ სააკაშვილის საქმესთან მისი დაპატიმრების შემდეგ. თითოეული ფოტოს ბოლოს ისმის სიტყვა -„კლავს“, ბოლოს კი ისმის მოწოდება - „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“.
● მესამე ვიდეორგოლში შეკრებილია ამონარიდები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, პრეზიდენტის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, დეპუტატისა და თბილისის მერის განცხადებებიდან, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით. თითოეული განცხადების ბოლოს ისმის ხმა - „კლავს“, ხოლო ვიდეორგოლის ბოლოს ისმის მოწოდება „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.
კომუნიკაციების კომისიამ ვიდეორგოლები არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამად მიიჩნია. კომისიის განმარტებით, რადგან „მთავარი არხის“ მსგავსი სამართალდარღვევიდან ერთი წელი არ არის გასული, ის უმაღლესი სანქციით, წლიური შემოსავლის 1%-ით - 111 903 ლარით დაჯარიმდა.
„არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზეზით“, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 2019 და 2020 წლებშიც დააჯარიმეს.
“მთავარი არხის” პოზიცია
მთავარი არხის იურისტი, თამთა მურადაშვილი “მთავარ არხში” კომისიის გადაწყვეტილებას კრიტიკულ მედიაზე ზეწოლას უწოდებს და ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა“.
არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, 25 ნოემბერს, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ კომისიამ ამ გადაწყვეტილებით შეზღუდა არა მხოლოდ მედიის უფლება, არამედ არასამთავრობო სექტორის გამოხატვის თავისუფლებაც. მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს, აშშ-ის საელჩოს, არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციასა და მედიასაშუალებებს მიმართა და რეაგირებისკენ მოუწოდა.
25 ნოემბრის საღამოსვე, „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სახელწოდებით, იცნობდეთ თავისუფალი სიტყვის ჯალათებს და ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებს" სადაც კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრები „თავისუფალი სიტყვის ჯალათებად“ და „ბიძინა ივანიშვილის პირად ცენზორებად“ არიან მოხსენიებული.
რა პრობლემაა და რას ამბობს კანონი
“ვხედავთ, რომ კომისიამ შეზღუდა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, როგორიცაა მედიის და გამოხატვის თავისუფლება და, ამის საპირწონედ, რა საზოგადოებრივი სიკეთე დაიცვა, არსად არ ჩანს“ - ამბობს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი მარი კაპანაძე.
მისი თქმით, კომისიის გადაწყვეტილებაში სამი მთავარი პრობლემა იკვეთება და “თუ ამ საქმეს დამოუკიდებელი სასამართლო განიხილავს, ყველა ნაწილში არაკანონიერად და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს”.
სამი სამართლებრივი პრობლემა კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში
1. კანონმდებლობაში პირდაპირ არსად წერია, რომ პოლიტიკური რეკლამის განთავსება მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდშია დასაშვები.
„კომისია “მთავარ არხს” ედავება, რომ მან საარჩევნო რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში გაუშავა და ეს აკრძალულიაო. თუმცა, კომისია ვერ უთითებს ვერც ერთ მუხლს კანონმდებლობიდან, რომელშიც ასეთი რამ წერია” - ამბობს მარი კაპანაძე.
მისი შეფასებით, მუხლი, რის გამოც მთავარი არხი დაჯარიმდა, კანონში მკაფიოდ არ არის გაწერილი და კომუნიკაციების კომისია ამ გადაწყვეტილებამდე თავისი სუბიექტური ინტერპრეტაციის შედეგად მივიდა და მისი გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული არ არის:
„როცა ვსაუბრობთ აკრძალვაზე და მედიის თავისუფლებაში ჩარევაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომ ეს მკაცრად იყოს კანონით განსაზღვრული.” - ამბობს მარი კაპანაძე
2. რამდენად სწორად მიიჩნია კომისიამ სადავო ვიდეორგოლები პოლიტიკურ რეკლამებად?
იურისტების შეფასებით, სადავო ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამის განმარტებაში არ ჯდება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა განმარტებულია, როგორც “მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ”.
„საარჩევნო სუბიექტები ჩვენ გვყავს არჩევნების წინ. ახლა, თავისთავად, ვეღარ ვისაუბრებთ საარჩევნო სუბიექტებზე, იმიტომ, რომ არჩევნები დასრულებულია” - ამბობს მარი კაპანაძე.
მისივე თქმით, კომისიამ არ განმარტა, კონკრეტულად რა კრიტერიუმებიდან გამომდინარე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამაა.
კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, წევრებისგან დასაბუთებას ითხოვდა მაუწყებლის იურისტი თამთა მურადაშვილიც, თუმცა, კომისიის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კონკრეტული პასუხი არ გაუციათ.
3. თანაზომიერების პრინციპის დაცვა
თანაზომირების პრინციპი კრძალავს ძირითადი უფლებებში ზომაზე მეტად ჩარევას. ამავე პრინციპის თანახმად, ძირითად უფლებაში ჩარევა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
მარი კაპანაძე ამბობს, რომ კომუნიკაციების კომისია ვალდებულია, თანაზომიერების პრინციპი გაითვალისწინოს.
„ეს პრინციპი ამბობს, უფლებებში ჩარევისა და შეზღუდვის შემთხვევაში, უნდა გამოიყენო ისეთი ზომა, რომელიც იქნება შესაბამისობაში ჩადენილ სამართალდარღვევასთან.“ - ამბობს მარი კაპანაძე და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიამ „გამოიყენა სანქცია, რომელიც არის კატასტროფულად მაღალი”.
კაპანაძის თქმით, რომ „მთავარი არხის“ მხრიდან სამართალდარღვევაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის. „მაგრამ სამართალდარღვევა რომც ყოფილიყო, კომისიას არ დაუსაბუთებია, არ აუხსნია, თუ რა საჯარო ინტერესს ემსახურება ის, რომ ტელეკომპანიას აუკრძალოს მსგავსი ტიპის ვიდეორგოლების გაშვება.“
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, კომისია ხელმძღვანელობს არა კანონით, არამედ - თავისი პრაქტიკის შესაბამისად. ეს პრაქტიკა კი ძირითადად ხელისუფლების ინტერესებს ემთხვევაო.
“თუ გადავხედავთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ისინი ემთხვევა ამ არხების მიმართ ხელისუფლების გზავნილებს
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და მედიის რეგულირებაზე.”
მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ „ეს გადაწყვეტილება შეიძლება აღვიქვათ ცენზურის და თვითცენზურის საფრთხედ“ და „კომისიის მიდგომა მიმართულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და თავისი უფლებამოსილების გაფართოებისკენ“.