მედიაკოალიცია აზარტული თამაშების რეკლამების შემზღუდავი კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვაში პრობლემებს ხედავს
14.12.2021
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ უარყოფითად აფასებს აზარტული თამაშების და მათი რეკლამების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას.

რა მოხდა?

2021 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ “ქართული ოცნების” წევრების მიერ აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა გადაწყვიტა

ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონსაც ეხება. ცვლილების მიხედვით, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის, ასევე მათი მოწყობის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება დაუშვებელი იქნება.

გამონაკლისია, როდესაც ასეთ რეკლამას მაუწყებელი სპორტული ღონისძიების, სპორტული შეჯიბრების ან/და სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის მაუწყებლობის სპონსორობის სანაცვლოდ გაავრცელებს.

რაშია პრობლემა?

მედიაკოალიციის შეფასებით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არგუმენტაცია „უკიდურესად პრობლემური და არასაკმარისია“.

კოალიციის განცხადებით, ძლიერდება ეჭვი, რომ საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით მიღების საჭიროება არ არსებობს და პარლამენტის რეალური მიზანი, სრულყოფილი და პროფესიული განხილვების თავიდან აცილებაა.

მედიაკოალიცის შეფასებით:

• საგანგაშოა, რომ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე არ არის სათანადოდ შეფასებული.

• არსებობს რისკი, რომ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს მაუწყებლების ფინანსურ დამოუკიდებლობას.

• კანონპროექტის მომზადების პროცესში არ არის მიღებული კონსულტაციები სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებისგან, კანონპროექტს არ ერთვის დარგის ექსპერტების, მათ შორის, კომუნიკაციების კომისიის, სათანადო დასკვნები და შეფასებები.

კოალიციის განმარტებით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და ერთ დღეში მისი ორი მოსმენით მიღება გამორიცხავს სრულფასოვან საპარლამენტო განხილვას, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარდგენას და კანონპროექტის დახვეწას.

„აღნიშნული პროცედურები პრინციპულად მნიშვნელოვანია ინიციატივებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ფინანსური ეფექტების გამოწვევა შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტისა და მედია სექტორისთვის“, - წერია განცხადებაში.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ