მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნიკა გვარამის მოთხოვნა „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მოსამართლის აცილების შესახებ
15.12.2021
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა დირექტორმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, “რუსთავი 2-ის” საქმეზე მოსამართლის აცილება მოითხოვა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

რა მოხდა

15 დეკემბერს, "რუსთავი 2-ის" ქონების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენებისა და გაფლანგვის საქმეზეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამავე საქმეზე გამოკითხული ერთ-ერთი მოწმის, “რუსთავი 2-ის” მმართველი კომპანიის, სს "მედია ჰოლდინგის" დირექტორის ზაზა გველესიანის მეგობარია.

ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ზაზა გველესიანი მოწმეთა სიიდან ამოიღო. თუმცა, მხარეებს მასთან კავშირის შესახებ არ აცნობა.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაადასტურა, რომ ზაზა გველესიანთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა, თქვა, რომ მან არ იცოდა რა თანამდებობას იკავებს "რუსთავი 2-ში" მისი მეგობარი.

მოსამართლემ განმარტა, რომ მეგობრობა არ ნიშნავს, რომ გველესიანთან საქმესთან დაკავშირებითაც საუბრობს.

საქმის აცილების შესახებ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების მიზეზად მოსამართლემ მისი "უსაფუძვლობა" დაასახელა.

ნიკა გვარამიას საქმე

“რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს ნიკა გვარამიას, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 2019 წლის 9 აგვისტოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგინა. მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ორგანიზაციის ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებიან, რითაც მაუწყებელს 7 მილიონ ლარამდე ზარალი მიადგა. საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 ივლისს „რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ