"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" აცხადებს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ "მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.
რა მოხდა?
კოალიციის ინფორმაციით, 2021 წლის 24
დეკემბერს, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის" მიერ
სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის გაშუქებისას
ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად
შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა. აქციის მონაწილეები 2021
წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას
ითხოვდნენ.
გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი
ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის
მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. კოალიციის განცხადებით, ეს ქეთი თუთბერიძის
მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.
ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია" სახელდება.
რას ითხოვს მედიაკოალიცია?
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.
კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროვების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.