25.01.2022
რატომ არის მნიშვნელოვანი: აუდიოჩანაწერის გასაჯაროება ერთ მხრივ მაღალ საჯარო ინტერესს შეიცავს, თუმცა მასში ნახსენებია ბასილაშვილისა და დოროყაშვილის მცირეწლოვანი შვილიც. უფლებადამცველების შეფასებით, კომუნიკაციის გასაჯაროება ბავშვის ინტერესებს აზიანებს.
როგორ უნდა მოიქცეს მედია, როდესაც საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმესა და საჯარო პირს ეხება, მეორე მხრივ კი საფრთხეში ბავშვის ინტერესებია?
დეტალები: ნიკოლოზ ბასილაშვილს პროკურატურა ოჯახში ძალადობაში ედავება.- სპორტსმენი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ჩოგბურთელს ბრალი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით წარუდგინეს. ნოკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებას უარყოფს. ის სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 2020 წლის 24 მაისს გაათავისუფლა. საქმის განხილვა გრძელდება.
- სისხლის სამართლის საქმის გარდა, ბასილაშვილსა და დოროყაშვილს შორის სასამართლოში სამოქალაქო დავაც მიმდინარეობს, რომელიც ალიმენტს უკავშირდება. "ტვ პირველის" ინფორმაციით, ჩოგბურთელმა 13 იანვარს სწორედ ალიმენტის გადახდის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას განსხვავებული რეაქციები მოჰყვა.
სისხლის სამართლის საქმეში ნელი დოროყაშვილისა და მისი შვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, თქვა, რომ ჩანაწერის გასაჯაროება აზიანებს დაზარალებულების, განსაკუთრებით ბავშვის ინტერესებს და მედიას საჯარო სივრციდან ჩანაწერების აღებისკენ მოუწოდა.„ჩანაწერში ისმის ინფორმაცია ბავშვის შესახებ, ნელი დოროყაშვილი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი ფრაზებითაა მოხსენიებული. დაზარალებულებისთვის ტრავმის მიმყენებელი და დამთრგუნველია, ყოველდღიურად უსმინონ მათთვის დამამცირებელ ინფორმაციას“, - ამბობს დაზარალებულების ადვოკატი ანა თავხელიძე.
მისი განმარტებით, ამ ინფორმაციაზე მცირეწლოვანს ხელი არ მიუწვდება, თუმცა მისთვის მომავალში სხვა რისკებს შეიძლება შეიცავდეს. ასევე დაზარალებული მხარის ინტერესში არ შედის, რომ მოსამართლეზე მტკიცებულების გამოკვლევის „პირველი ეფექტი დაიკარგოს“.
ბასილაშვილის ადვოკატები კი ამბობენ, რომ ჩანაწერი სპორტსმენის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელდა და არასრულწლოვნის შესახებ შემცველი ინფორმაციის გავრცელებით მცირეწლოვნის კანონიერი ინტერესები შეილახა.
ადვოკატებმა "ტვ პირველი" მასალის სოციალურ ქსელში დასპონსორებაშიც დაადანაშაულეს. რასაც სიცრუეს უწოდებს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
"ეს ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის, ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე." - წერენ ბასილაშვილის ადვოკატები.
ჩოგბურთელის უფლებადამცველებმა აუდიო ჩანაწერის გავრცელებაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაუყოვნებლივ მოკვლევისა და" კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიების" გატარებისკენ მოუწოდეს.
მაგრამ ნელი დოროყაშვილის ინტერესების დაამცველი ანა თავხელიძე ამბობს, რომ „ტვ პირველზე“ აუდიო ჩანაწერის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე სხვა ფარული ჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტ გამოცემა „პრაიმტაიმმა“.
მისი აზრით, თუ ქარტია საქმეს განიხილავს, მაშინ თვითრეგულირების ორგანომ ეს ნაწილიც უნდა შეისწავლოს. მცირეწლოვნისა და დოროყაშვილის ნაწილში კი პროცესში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვისაც“ ჩაერთვება.
„ტვ პირველის“ სარედაქციო დასაბუთება
საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ როდესაც მედია სავარაუდო სისხლის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას და მტკიცებულებებს მოიპოვებს, მისი ვალდებულებაა ამაზე საჯაროდ საუბარი. მით უმეტეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმესთან დაკავშირებით:„საზოგადოებას მხოლოდ მესამე პირების და თავად ფიგურანტების მიერ მოყოლილი ინფორმაცია ჰქონდა მტკიცებულებების გარეშე, როცა ჩვენთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა ასეთი მასალა და შეგვეძლო საზოგადოებისათვის უტყუარი ინფორმაცია მიგვეწოდებინა, ამ მასალის ეთერში გაშვება საჭიროდ ჩავთვალეთ.“
- „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის აზრით, ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა „პრობლემა, რომლის შესახებაც, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი საჯაროდ არ საუბრობს. ან უჭირს თვალი გაუსწოროს იმ რეალობას, რომელშიც ვართ“ - „როდესაც არსებობს, პრობლემები ამ თემებზე საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ და პრობლემა თვალის დახუჭვით, გაჩუმებით და არ შემჩნევით არ მოგვარდებაო.“ - ამბობს ნოდარ მელაძე.
- მელაძე არ ეთანხმება აზრს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი არასრულწლოვნის შესახებ მისთვის დამაზიანებელ ინფორმაციას შეიცავდა: „რომელმა ინფორმაციამ მიაყენა არასრულწლოვანს ზიანი? როდესაც ღია სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საქმე სასამართლოს დავის საგანია, ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავად უჩივლა, [სარჩელში] წერია, რომ მოპასუხე არის ლუკას ბასილაშვილი. ანუ მამამ უჩივლა შვილს.“
- საჯარო პირის მიმართ ინტერესი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ მისი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მცირეწლოვანი შვილები იმავე ხარისხით უნდა გაშუქდნენ. მათი პირადი ცხოვრება უფრო მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე მათი მშობლების.
- მეორე მხრივ, ჟურნალისტის მიერ პირის პირად ცხოვრებაში შეჭრა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მოპოვებული ინფორმაციის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, როდესაც გამჟღავნებულ ფაქტებს საზოგადოებისთვის უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია, ვიდრე ერთი კონკრეტული პირისთვის ზიანის მიყენებაა.
- რაც უფრო მაღალია საზოგადოებისათვის ინფორმაციის ღირებულება, მით უფრო ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს პირის პირად ინტერსს და პირიქით.
ასევე მნიშვნელოვანია: მედიამ ყურადღების მიღმა არ დატოვოს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები და სათანადო აქცენტის დასმით წარმოაჩინოს არსებული პრობლემები. ამასთან, ისე უნდა გააშუქოს ეს თემა, რომ არ მიაყენოს ზიანი მსხვერპლს, მის შვილებს, ახლობლებს. მედიამ არც მსხვერპლის რეტრავმირებას უნდა შეუწყოს ხელი.