02.02.2022
მედიამ კიდევ ერთხელ დაუთმო ეთერი არაკომპეტენტურ ადამიანებს ვაქცინაციაზე სასაუბროდ.
1 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა” და „TV პირველმა” საღამოს ეთერი ვაქცინის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის დებატებს დაუთმო. ტოქშოუებში საკითხში კვალიფიციურ ადამიანებს ცნობილი მსახიობები, მომღერლები, მწერლები, რეჟისორები და სხვები სჭარბობდნენ.
რა პრობლემაა?
- ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მედია ტრიბუნას უთმობს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ცნობილ ადამიანებს, რომლებიც სამეცნიერო ფაქტებს, ამ შემთხვევაში, ვაქცინაციას, ეწინააღმდეგებიან. ტელევიზიებში მათ ხშირად ისეთ თემებზე სასაუბროდ იწვევენ, რომლებზეც კომპეტენცია არ აქვთ.
- ცხადია, ცნობილი ადამიანის ეთერში გამოჩენა უფრო მაღალი რეიტინგის მომტანია, მაგრამ, საკითხავია, რა სარგებელს იღებს და რამდენად ინფორმირებული რჩება მაყურებელი მსგავსი შოუების ნახვის შემდეგ?
დეტალები:
- „რუსთავი 2-ისა” და „TV პირველის“ ეთერში ერთი მხარე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ არ უნდა ავიცრათ, საუბრობდა კონსპირაციულ თეორიებზე, ავრცელებდა დაუდასტურებელ და ცრუ ინფორმაციებს
- მეორე მხარე ცდილობდა აცრის სიკეთეების შესახებ ესაუბრა და დაერწმუნებინა მაყურებელი, რომ პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.
- გადაცემის არცერთი წამყვანი არ იყო მზად იმისთვის, რომ ეთერში ნათქვამ დეზინფორმაციას სანდო და გადამოწმებული ფაქტებით დაპირისპირებოდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
- პანდემიის პერიოდში, მაშინ, როდესაც საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად ათობით ათასი ადამიანი ინფიცირდება, ათობით მათგანი იღუპება და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის როლი.
- განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, მედია ვალდებულია, რესპონდენტები შეარჩიოს მათი კვალიფიციურობის და არა „ცნობადობის“ მიხედვით.
- ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტი ეთერში დეზინფორმაციას ავრცელებს, ჟურნალისტი ვალდებულია, რომ ეს უაპელაციოდ არ გაატაროს და თავის აუდიტორიას მიაწოდოს ზუსტი და მართალი ინფორმაცია.
ზოგადად, რა შემთხვევაშია გამართლებული ცნობილი ადამიანების მოსაზრებების გაშუქება?
„რაც უფრო დიდ სიყვარულს, აღფრთოვანებას ან პატივისცემას იმსახურებს საზოგადოების ან მისი ნაწილის მხრიდან, მას კიდევ უფრო მეტი ზეგავლენა აქვს ადამიანების აზრზე, ქცევაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ადამიანის პირად მოსაზრებას სერიოზული გავლენა ჰქონდეს ვიღაცის ცხოვრებაზე.“ - ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ რუხაძე.რუხაძის განმარტებით:
- მედიამ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანს ისეთ თემაზე არ უნდა ჰკითხოს აზრი, რომელიც სპეციფიკურად მის სფეროს არ ეხება, განსაკუთრებით მაშნ, როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოების კეთილდღეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებთან.
- ერთადერთი მიზანი კი, რის გამოც შეიძლება, მედიამ მასთან [დეზინფორმაციის გამავრცელებელ ადამიანთან] ინტერვიუ ჩაწეროს ან პირდაპირ ეთერში მოისურვოს მისი მოყვანა, უნდა იყოს ის, რომ გააბათილოს არასწორი და ხშირად მავნე ინფორმაცია.