18.02.2022
თებერვლის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ ცილისწამების შესახებ დავაზე პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ მოსარჩელის შუამდგომლობა გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოპასუხეს დაავალა:
- ფეისბუქზე გავრცელებული საჯარო (Public) პოსტის Only Me-ზე (მხოლოდ ავტორისთვის გამოსაჩენად) გადაყვანა. • YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვა.
- ფეისბუქის ანგარიშის წაშლის აკრძალვა.
რატომ არის ეს საქმე პრეცედენტული?
- ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს სასამართლომ
ცილისწამების საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილებამდე საჩივრის
უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს სოციალურ ქსელში
გამოქვეყნებული კონტენტის საჯაროობის შეზღუდვა დაავალა.
საქმის დეტალები
ცილისწამების პრეცედენტულ დავაში მოსარჩელის უფლებებს JG Counselors-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი სერგი ჯორბენაძე იცავს.ადვოკატი მოსარჩელის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს:
- მოსარჩელე მუშაობს საჯარო სამსახურში, მაგრამ არ არის თანამდებობის პირი და საკითხი არ ეხება მის თანამდებობრივ საქმიანობას.
- საქმე პოლიტიკური შინაარსის არ არის და შესაძლო ცილისწამების შემცველი განცხადებები მომჩივნის პირად არაქონებრივ უფლებებს ეხება.
პირადი არაქონებრივი უფლებები გულისხმობს სახელს, უფლებას პატივისა და ღირსების დაცვაზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობასა და საქმიან რეპუტაციას.
მოსარჩელე მხარე ითხოვს:
- პოსტსა და ვიდეოში გამოთქმული აზრების სოციალურ ქსელშივე უარყოფას.
- სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში
მოპასუხეს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
რა შეკითხვებს აჩენს ეს გადაწყვეტილება?
- შეუქმნის თუ არა ეს პრაქტიკა საფრთხეს სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით მედიასაშუალებების მხრიდან?
- ქმნის თუ არა საფრთხეს ეს პრეცედენტი?
შეკითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წერია მოსამართლის განჩინებაში. შესაბამისად, დასაბუთების გაცნობის გარეშე საფრთხეებზე საუბარი რთულია. განჩინება საჯარო არ არის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, გიორგი
გოცირიძის განმარტება:
- თუ განჩინების მიხედვით აღმოჩნდება, რომ სარჩელის ასეთი უზრუნველყოფის ღონისძიების (მაგალითად, პოსტის Only Me-ზე გადაყვანის) გამოყენება შესაძლებელი გახდება ცილისწამების ნებისმიერ საქმეში, „ეს სერიოზული საფრთხე იქნება გამოხატვის თავისუფლებისთვის“.
- „თუ სადავო განცხადება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზეა, მაშინ ეს პრეცედენტი სახიფათო იქნება ზოგადად გამოხატვის თავისუფლებისთვის, მედიისა და ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებლის გამოხატვის თავისუფლებისთვის.“
- „დავის გადაწყვეტამდე, სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა მიიღოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეიძლება გამოყენებული იყოს ცილისწამების ისეთ საკითხებთან დაკავშირებულ დავებზე, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.“
- „მნიშვნელოვანია, სასამართლოს დასაბუთებაში ნათქვამი იყოს, რომ ასეთი ტიპის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამონაკლის შემთხვევაშია აუცილებელი.“
- „წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ პოლიტიკოსს ექნება შესაძლებლობა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ფეისბუქს პოსტი ან მედიაში გამოქვეყნებული კონტენტის საჯაროობა, სასამართლოს ძალით შეუზღუდოს ავტორს იმ პერიოდში, როდესაც ამ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვა აუცილებელი და რელევანტურია.“
მეორე მხრივ:
„ეს შეზღუდვა დადებითი პრეცენდენტია [იმ კუთხით], რომ მოსარჩელისთვის
შესაძლებელი იქნება დაიცვას თავი და თავისი არაქონებრივი უფლებები,
რომლებიც არის ერთერთი იმ უპირატესთაგანი, რომელიც საქართველოს
კონსტიტუციითაა დაცული და აღიარებული“, - ამბობს სერგი ჯორბენაძე.კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
შესახებ
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით,
მტკიცების ტვირთი მოსარჩელეზეა.ეს ნიშნავს:
- მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ მისი მისამართით გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია, ამ ინფორმაციამ მას ზიანი მიაყენა.
- ასევე, უნდა დაადასტუროს ის, რომ მოპასუხემ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია არაზუსტი იყო, მაგრამ განზრახ გაავრცელა, რათა მისთვის ზიანი მიეყენებინა.
- მტკიცების ტვირთის შესახებ მეტი დეტალი ნახეთ აქ.
კანონით, ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება, თუ:
- ის გაკეთებულია პოლიტიკური დებატების ფარგლებში.
- პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის ავტონომიური საბჭოს ან საკრებულოს წევრის მიმართ.
- წინასასამართლო ან სასამართლო პროცესზე.
- უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით.
მეტი დეტალი ნახეთ აქ: კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება.