ძმები გაჩეჩილაძეების საჩივარი „მთავარი არხის“ წინააღმდეგ და საკანონმდებლო ინიციატივა ცილისწამების შესახებ
22.02.2022
გიორგი გაჩეჩილაძე „მთავარი არხისგან“ სასამართლოს გზით მოითხოვს „მათ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას“.

  • ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ოჯახმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დეკემბერში შეიტანა.
  • “მთავარი არხი” მიიჩნევს, რომ სასამართლომ მათი სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს

მთავარი არხის სადავო სიუჟეტი:

2021 წლის 9 ოქტომბერს „მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში არხი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, თითქოს პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული პირების ერთ-ერთი სამალავი ადგილი ძმები გაჩეჩილაძეების საცხოვრებელი სახლი იყო.



რას ედავებიან გაჩეჩილაძეები „მთავარ არხს“?


მოსარჩელეთა ადვოკატის, გოდერძი გრიგალაშვილის ინფორმაციით, გაჩეჩილაძეების ოჯახი ითხოვს:

  • მთავარმა არხმა აღიაროს, რომ მათ მიერ გავრცელებული სიუჟეტი ცილისმწამებლური იყო.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში „მთავარი არხის“ საიტზე და ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდეს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„მთავარი არხის“ პოზიცია


„პასუხის გასაცემად შემჭიდროვებული ვადები გვქონდა და ძალიან მოკლედ ვუპასუხეთ, რომ არ ვეთანხმებით ამ სარჩელს. თუმცა, შეგვიძლია, უფრო სიღრმისეულად ვუპასუხოთ. სასამართლოს ვუთხარით, რომ დაზუსტებულ შესაგებელს წარვადგენთ“, - ამბობს “მთავარი არხის“ იურისტი, თამთა მურადაშვილი.

მისი თქმით, სასამართლომ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს, რადგან:

  • სიუჟეტში ჩანდა, რომ ინფორმაცია ანონიმური წყაროს მიერ იყო მოწოდებული.
  • ჟურნალისტმა სცადა ინფორმაციის გადამოწმება, მივიდა გაჩეჩილაძეების სახლში - „ანუ, არ ყოფილა ცალმხრივი გაშუქება“.
  • რადგან გაჩეჩილაძე საჯარო პირია (და ამას თავადაც ადასტურებს) არხი მიიჩნევს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება.

მურადაშვილი ამბობს,
რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ყველა ინსტანციას გაივლიან და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

სანამ გაჩეჩილაძეები სასამართლოს მიმართავდნენ


28 ოქტომბერს, სანამ გაჩეჩილაძეების ოჯახი სასამართლოს მიმართავდა, „უცნობმა“ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.

  • საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ მაუწყებლობის შესახებ დღევანდელი კანონი არაეფექტურია.
  • გაჩეჩილაძე პარლამენტს სთხოვს, შეიმუშაოს “სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას”.
  • ტექსტში არ არის დაზუსტებული, რა კონკრეტულ ცვლილებებს ითხოვს გიორგი გაჩეჩილაძე.

ვრცლად: “უცნობის” ინიციატივა - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე


გაჩეჩილაძესთან ამ თემაზე დაკავშირება რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ.

ადვოკატი, გოდერძი გრიგალაშვილი ამბობს, რომ:

  • ეს საკანონმდებლო წინადადება არ გულისხმობს ჟურნალისტის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
  • თუმცა „სიტყვის გამოხატვის და ჟურნალისტის თავისუფლება აბსოლუტურად ხელშეუხებელი და თავისუფალი უნდა იყოს, გარდა იმ ჩარჩოებისა, რასაც სტრასბურგის სასამართლო ადგენს, ევროკონვენცია ადგენს და რაც ევროპაში არის მიღებული“.

მისი ინფორმაციით, პარლამენტში ამ ეტაპზე საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად:

ადვოკატის თქმით, გაჩეჩილაძე ითხოვს:

  • ერთმანეთისგან კანონით გაიმიჯნოს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება.
  • პარლამენტმა შეიმუშაოს ახალი კანონი, სადაც ცილისწამება დაექვემდებარება უფრო მკაცრ კონტროლს და უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას, მაგალითად, ფულად დაჯარიმებას.
მისივე თქმით, ცვლილებების პროცესში უნდა იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა მედიის თითო წარმომადგენელი და დაინტერესებული პირები.

ასევე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ კანონში საჭიროა, ჩაიწეროს „ბოდიშის მოხდის“ ცნება და თუ მედიას ცილისწამება დაუმტკიცდება, მას ბოდიშის მოხდა დაეკისროს.

საჭიროა თუ არა ცვლილებები კანონში?

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.


ვრცლად ნახეთ აქ: საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.



დამოუკიდებელ მედიაექსპერტებს, იურისტებს და მედიის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ:
  • დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება მაღალი სტანდარტითაა დაცული და არ საჭიროებს არანაირ ცვლილებას.
  • ნებისმიერმა ჩარევამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამ სტანდარტს.
  • რადგან, შესაძლოა, ძალაუფლების მქონე პირებმა, კანონი მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად გამოიყენონ.


ნახეთ მეტი ამ თემაზე:


„რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არსებობს“ - ამბობს გიორგი გაჩეჩილაძის ოჯახის ადვოკატი, გოდერძი გრიგალაშვილი, მათ მიერ შეტანილ საკანონმდებლო წინადადებაზე საუბრისას - „სწორედ ამიტომაც, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისედაც უკიდურესად სენსიტიურ საკითხს“.

რას ამბობს დღევანდელი კანონი ცილისწამებაზე?

 

  • თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მედიამ ცილი დასწამა, შეუძლია მიმართოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, თვითრეგულირების სხვა ინსტიტუტს ან სასამართლოს.
  • თვითრეგულირების ორგანოები მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროფესიული და ეთიკური სტანდარტის ჭრილში განიხილავენ, სასამართლო კი - სამართლებრივად.
  • პირს ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა.
  • ანუ, პირის პასუხისმგებლობის საკითხი რომ დადგეს, სასამართლომ უნდა დაადგინოს მისი განზრახვა.
  • ცილისწამების დადასტურების შემთხვევაში, მოპასუხეს ცილისწამებისთვის შეიძლება დაეკისროს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნება (შესწორება ან უარყოფა), ან მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური/ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ