როგორ ცდილობს ალტ-ინფო რუსეთის გამართლებას უკრაინასთან ომში
25.02.2022
უკრაინაში ომის პარალელურად, ალტ-ინფო ცდილობს მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ომის დაწყება დასავლეთის და უკრაინის ბრალია, რუსეთის დამარცხება კი შეუძლებელია.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით ცნობილი მედია ალტ-ინფო თავის იუთუბ არხზე საგანგებო პირდაპირი ეთერის რეჟიმში მაუწყებლობს.
  • 24 თებერვალს 10:30 საათიან უწყევტ ეთერში ალტ-ინფოს წამყვანები, პრორუსულად განწყობილ რესპონდენტებთან ერთად, ცდილობდნენ, რომ რუსეთის ქმედებები გაემართლებინათ და მთელი აქცენტი „უკრაინის ბრალეულობაზე“ გადაეტანათ.
  • 25 თებერვალს კი, იდენტური გზავნილებით, ალტ-ინფომ 12:00 საათიდან დაიწყო პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა სადაც წამყვანები და რესპონდენტები მაყურებელს არწმუნებენ, რომ რუსეთის დამარცხება შეუძლებელია და საქართველოს მთავრობა სწორად მოქმედებს, როცა სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს და რუსეთთან საქმეს არ იფუჭებს.
  • პარალელურად, ალტ-ინფოს მხარდამჭერები იმავე გზავნილებს ავრცელებენ რამდენიმე დღით ადრე შექმნილ ფეისბუქ გვერდებზე, ჯგუფებში და ვებსაიტზე.

ალტ-ინფოს მთავარი გზავნილები:

ალტ-ინფოს ნარატივი ზუსტად ემთხვევა ვლადიმერ პუტინის გზავნილს, რომ რაც უკრაინაში ხდევა, თითქოს „ეს არის იძულებითი ქმედება და დასავლეთმა უბრალოდ სხვაგვარად მოქცევის შანსი არ დაუტოვა რუსეთს“.

ამონარიდები:

  • ვლადიმერ ზელენსკის შეეძლო ომი აეცილებინა თავიდან.
  • უკრაინამ განაცხადა უარი მინსკის ხელშეკრულების შესრულებაზე და ზელენსკიმ დასავლეთის იმედად გაწირა უკრაინა.
  • უკრაინას უნდა დაეწყო მოლაპარაკებები, „სანამ დრო იყო“.
  • დასავლეთის პროპაგანდა აქტიურად მუშაობს და ცდილობს უკრაინელებში რუსებისადმი მტრული განწყობები გააღვივოს.
  • უკრაინის უბედურებაში ამერიკას და ევროპულ ქვეყნებს მიუძღვით ბრალი.

ალტ ინფოს წამყვანები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკზე კი, ცინიზმით და ირონიით საუბრობენ და მას „კავეენშიკ მხედარმთავარს“ უწოდებენ.

  • ალტ-ინფო მაყურებელს არწმუნებს, რომ „უკრაინა დიდხანს ვეღარ გაუძლებს რუსეთის შეტევას“.
  • მუდმივად ხაზს უსვამს რუსეთის „წარმატებებს“ და ამის დასამტკიცებლად, პარალელურ რეჟიმში, ეთერში ატრიალებს რუსი ჯარისკაცების გადაადგილების, საბრძოლო მოქმედებების და აფეთქებების ამსახველ კადრებს.
  • ამ კადრების მთავარი წყარო რუსული არხების მიერ გავრცელებული მასალებია, თუმცა ზოგჯერ, მეტი დამაჯერებლობისთვის მოჰყავთ გავლენიანი მედიაც, მაგალითად, BBC, CNN, DW.
  • ეთერში უშვებენ ყალბ ვიდეო/ფოტო მასალებსაც.

მანიპულაცია საქართველოს ინტერესების დაცვის სახელით

  • ალტ-ინფოს წამყვანები საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს მათი მიზანია საქართველოს ომი აარიდონ თავიდან.
  • და „სწორედ მაგისთვის არსებობს კონსერვატიული მოძრაობაც, რომ საქართველო გადაარჩინონ“.
ამონარიდი ერთ-ერთი წამყვანის მონოლოგიდან

„კრიტიკული სიტუაციაა და იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა საქართველოს ხელისუფლება, ეგ განსაზღვრავს ბედს. შარში არ უნდა გავეხვეთ. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო არ დაზიანდეს. თუ საქართველო ამ ამბავში ზედ მიაყოლეს უკრაინას, მერე უკვე არაფრის გაკეთება აღარ იქნება შესაძლებელი.“

ძირითადი გზავნილებია:
  • საქართველოს ხელისუფლება ეროვნულ ინტერესებს იცავს.
  • უკრაინის მხარდამჭერი აქციების გამართვა აზიანებს საქართველოს.
  • ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, არ შეუერთდეს რუსეთის მიმართ სანქციებს, გაწონასწორებული, პრაგმატული და სწორია.
  • ვინც უკრაინას უჭერს მხარს, მათ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
  • როგორ უნდა დაუდგეს საქართველო გვერდში უკრაინას გვერდით, როცა ამერიკაც კი არაფერს აკეთებს?!

მოკლედ, ალტ-ინფოს შესახებ

  • ალტ-ინფომ 2018 წელს აინტერნეტ ტელევიზია შექმნა - "ლიბერალურ პროპაგანდასთან" საბრძოლველად.
  • 2021 წლის 20 ნოემბერს კი პარტია დააფუძნა სახელწოდებით „ კონსერვატიული მოძრაობა“ და მთელი საქართველოს მასშტაბით ხსნიან ოფისებს.
  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, რომლის ორგანიზატორებიც ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები იყვნენ, მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • ფეისბუქმა არაერთხელ დაიბლოკა ალტ-ინფოს გვერდები, თუმცა მუდმივად სხვადასხვა სახელით ახალ-ახალ გვერდებს ქმნიან.
  • ISFED-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.
  • DFRLab-ის შეფასებით, კი „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ