„ვცდილობთ წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდას“ - ISFED
28.02.2022
ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.


სამართლიანი არჩევნების (ISFED) ინფორმაციით, ფეისბუქმა ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებით ცნობილი მედია ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს აწვდიან.

  • უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას - წერს ISFED

რა გზავნილები აქვს ალტ-ინფოს

  • ალტ-ინფოს ნარატივი ზუსტად ემთხვევა ვლადიმერ პუტინის გზავნილებს
  • მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, ალტ-ინფო ცდილობს თავისი მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ომის დაწყება დასავლეთის და უკრაინის ბრალია, რუსეთის დამარცხება კი შეუძლებელია. 
ამ თემაზე: როგორ ცდილობს ალტ-ინფო რუსეთის გამართლებას უკრაინასთან ომში

ეს ფეისბუქის მხრიდან ალტ-ინფოს გვერდების დაბლოკვის პირველი შემთხვევა არ არის.

  • 2020 წელს “სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ფეისბუკში “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული 34 გვერდი გამოააშკარავა, რომლებიც კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას ავლენდნენ.
  • ანგარიშში წერია, რომ “ალტ-ინფო“ ქართულ საზოგადოებაში აქტიურად და ორგანიზებულად ებრძვის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს; მათი გუნდის მოწოდებები გამოირჩევა განსხვავებულობის, სიახლისადმი შიშის და მიუღებლობის დანერგვით.
  • ISFED-ის შეფასებით, „ალტ-ინფოს“ პროპაგანდა უმეტეს შემთხვევაში სიცრუეზე და ინფორმაციის მანიპულირებაზეა დაფუძნებული.

მოკლედ, ალტ-ინფოს შესახებ


  • ალტ-ინფომ 2018 წელს ინტერნეტ ტელევიზია შექმნა - "ლიბერალურ პროპაგანდასთან" საბრძოლველად.
  • 2021 წლის 20 ნოემბერს კი პარტია დააფუძნა სახელწოდებით „ კონსერვატიული მოძრაობა“ და მთელი საქართველოს მასშტაბით ხსნიან ოფისებს.
  • 2021 წლის 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი "ღირსების მარშის" წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები, რომლის ორგანიზატორებიც ალტ-ინფოს დამფუძნებლები და წამყვანები იყვნენ, მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
  • ფეისბუქმა არაერთხელ დაიბლოკა ალტ-ინფოს გვერდები, თუმცა მუდმივად სხვადასხვა სახელით ახალ-ახალ გვერდებს ქმნიან.
  • DFRLab-ის შეფასებით, კი „ალტ-ინფო“ ცდილობს, თავი სანდო წყაროდ წარმოაჩინოს, თუმცა, რეალურად ანტიდასავლური და ჰომოფობიური განწყობების გაღვივებაზე მუშაობს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ