06.03.2022
რა მოხდა
ტელეწამყვანმა მიხაილ ფიშმანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას თქვა, რომ საქართველოში 5 მარტს ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მისი 4 წლის შვილი შემოუშვეს, მას კი უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე- „თავიდან ერთი საათი საზღვარზე გამაჩერეს, მერე პასპორტი მომცეს და მითხრეს, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარს მეუბნებოდნენ. ისიც მითხრეს, რომ შემიძლია, გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში გავასაჩივრო“- ამბობს ფიშმანი.
მისი თქმით, იკითხა, თუ რის გამო არ უშვებდნენ ქვეყანაში, თუმცა, არაფერი აუხსნეს და მიზეზი მისთვის გაურკვეველი დარჩა:
- „მითხრეს, რომ როცა ბაქოში დავბრუნდებოდი, საბუთებს მაჩვენებდნენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა საბუთებზე მელაპარაკებოდნენ. პასპორტიც კი მას შემდეგ მომცეს, რაც გამოვფრინდი… კონტაქტებთან გავიგე, რომ ყველაფერი ტელეარხ „დოჟდთან“ კავშირის გამო მოხდა“
კონტექსტი
- რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ოცამდე მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა. მათ შორის არის ტელეკომპანია „დოჟდიც“.
- თავდაპირველად რუსეთში „დოჟდის” ვებგვერდი დაბლოკეს. 4 მარტს კი, არხმა სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.
- „დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.
ვრცლად ამ თემაზე: საინფორმაციო ომი რუსეთში - დაბლოკილი მედია და პროპაგანდა