29.03.2022
“თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება”
22 მარტს ჟურნალისტებმა არასაჯარო წყაროსგან გაიგეს, რომ თეა წულუკიანი ეროვნულ გალერეაში მისვლას აპირებდა.
- ეს ინფორმაცია კულტურის სამინისტროს პრესსამსახურს არ გაუვრცელებია.
- თუმცა კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილზე მისულებს შენობაში დახვდნენ იმედის, ობიექტივის, POS TV-ის, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები.
- TV პირველის ჟურნალისტმა, გიორგი ხუხიამ გალერეაში შესვლა შეძლო, თუმცა არ შეუშვეს მისი ოპერატორი. ჟურნალისტი იხსენებს, რომ ურეკავდა შენობაში მყოფ პრესსამსახურის წარმომადგენელსაც და დაინახა, რომ ის ტელეფონს არ პასუხობდა.
„დაცვამ მითხრა, ყველა არხი, ვინც გადაღებაზე იყო დაშვებული, უკვე შესულია, პრესსამსახურმა მომცა სიებიო. მოვითხოვე ეს სია და არ მომცეს. მერე მითხრეს, ზეპირი სია იყოო.“ - ამბობს გიორგი სუხია.
მას შემდეგ, რაც ჩაეკითხა, რას გულისხმობდა „ზეპირი სია“ და გულისხმობდა თუ არა ეს „ოპოზიციური მედიის არშეშვებას“, სუხიას თქმით, „დაცვის თანამშრომელი დაიბნა და გაიწია“ – „ვცადე კამერის გარეშე შევსულიყავი და უშუალოდ თეა წულუკიანისგან ამეღო ნებართვა ოპერატორის შეყვანაზე“.
გიორგი ხუხიამ ტელეფონის კამერა ჩართო და ისე ცდილობდა მინისტრისგან მიეღო პასუხი, რატომ არ უშვებენ ოპერატორს შენობაში.
ვიდეოში, რომელიც TV პირველმა გამოაქვეყნა, თეა წულუკიანი ჟურნალისტს პასუხობს: „აბა მე რა ვიცი“.
შემდეგ მინისტრმა პრესსამსახურისკენ მიუთითა, რომელიც დაინტერესდა, სად არის კამერა, თუმცა რეაგირება მასალაში არ ჩანს. ჟურნალისტი კვლავ ცდილობს მინისტრისთვის კითხვის დასმას, თუმცა წულუკიანი არ პასუხობს და გალერეაში მყოფი სხვა ადამიანები მას „პროვოკატორს“, „ჭუტავიზიას“ უწოდებენ.
სხვა ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ, გიორგი ხუხიას კითხვას, რატომ არ მიეცა ღონისძიების გაშუქების საშუალება, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა:
„იმიტომ, რომ თქვენ ხართ უღირსი მედიასაშუალება“.
“ეს ვინ არის?”
22 მარტს ეროვნულ გალერეაში შესვლა მოახერხეს ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებმა, მინდია გაბაძემ და მისმა კოლეგამ, ბასტი მგალობლიშვილმა. წულუკიანის იქ მისვლის შესახებ მათაც არასაჯარო წყაროსგან გაიგეს.
- მინდია გაბაძე ჰყვება, რომ როცა მივიდნენ, სხვა ჟურნალისტები უკვე შენობაში იყვნენ, თუმცა მათ შორის არ იყო ოპოზიციური მედია.
- ის გარეთ გავიდა, რათა მინისტრს დახვედროდა და გადაეღო.
- ელოდა, რომ იქ სხვა ჟურნალისტებიც იქნებოდნენ, რადგან წულუკიანის მიმართ ინტერესი დიდია და როგორც წესი, კითხვების დასმა რომ მოახერხონ, ჟურნალისტები ორ ჯგუფად ნაწილდებიან.
„აღმოვჩნდი მარტო, რაც ჩემზე მეტად მინისტრს გაუკვირდა. აშკარად იცოდა, რომ გარეთ არავინ დახვდებოდა. ჩემს ვიდეოშიც ჩანს, რომ პირველი, რასაც თეა წულუკიანი აკეთებს, პრესსამსახურს ეკითხება, ვინ ვარ მე და შემდეგ პირადად ჩემთან იწყებს კომუნიკაციას“.
ვიდეოში, რომელიც პუბლიკამ გაავრცელა, ამ კითხვიდან მალევე ისმის, როგორ ეუბნება წულუკიანი ჟურნალისტს, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.
“არ მინდა თქვენი კადრები, აბრძანდით”, — ამბობს მინისტრი.
მინდია გაბაძის თქმით, ხან მუზეუმის, ხან დაცვის თანამშრომლები მუშობაში მუდმივად უშლიდნენ ხელს.
რა ხდებოდა აქამდე
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჟურნალისტები კულტურის სამინისტროს მიერ მედიის დაყოფაზე საუბრობენ. მაგალითად, 2021 წელს თეა წულუკიანის ბრიფინგზე მედიის ნაწილი რამდენჯერმე არ შეუშვეს.- ჟურნალისტები მაშინაც ამბობდნენ, რომ უწყების დაცვა მიზეზად ასახელებდა „შესაბამის მითითებას“.
- მედიამენეჯერები კი უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ ბრიფინგების შესახებ შეუტყობინებლობაზე და იმაზე, რომ კულტურის სამინისტროდან ანონსები მხოლოდ სახელისუფლებლო ტელევიზიებს ეგზავნებათ.
ფაქტებად:
- 2021 წლის 22 ივლისს, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს წაართვა მიკროფონი, რომელსაც მინისტრი თვეების განმავლობაში არ აბრუნებდა. • ეს ფაქტი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch ანგარიშშიც მოხვდა.
- მედიამანეჯერები კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე ჩაკეტილ უწყებად ასახელებენ.
- თეა წულუკიანის თქმით, “ფეიკ ნიუსის” პირობებში გამოხატვის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს. ფეიკ ნიუსად კი მმართველი გუნდი ხშირად მედიის მხრიდან კრიტიკას მიიჩნევს.
- არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდეს, რომ შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მისცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.
რა ამბობენ სამინისტროში?
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მინისტრთან დაკავშირებით ანონსების მედიაში გავრცელება შერჩევითად არ ხდება. „არ ვიცი, რა ნახეთ კადრში, მაგრამ შემოსული იყო და დებოშიც მოაწყო. რაც უნდოდა, მე მგონი გააკეთა“. - ასე უპასუხა პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რუსო უშიკიშვილმა კითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს TV პირველის გადამღები ჯგუფი გალერეაში.
მოკლე სატელეფონო საუბრის შემდეგ ტელეფონი გაითიშა, მომდევნო ზარზე კი პრესსამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ცუდ ადგილასაა, ტელეფონი ითიშება და ხმა არ ესმის.
ამიტომ რუსო უშიკიშვილს მედიასთან თეა წულუკიანის დამოკიდებულებაზე კითხვები მივწერეთ და პასუხიც წერილობით ვთხოვეთ. მან მხოლოდ 22 დეკემბერს ჟურნალისტების ნაწილის გალერეაში არ შეშვებაზე გვიპასუხა:
„გამოფენის გახსნაზე მოწვეული იყო ის მედია, რომელიც აშუქებს კულტურულ ღონისძიებას და არა ის მედიასაშუალებები, რომლებიც მოდიან დებოშის მოსაწყობად და ღონისძიების ჩასაშლელად“.
ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე: რატომ არ ატყობინებენ კრიტიკულ მედიას წულუკიანის სხვადასხვა ღონისძიებაზე მისვლის შესახებ, სადაც ჟურნალისტები კითხვების დასმას შეძლებდნენ, რატომ არ უშვებენ მათ ბრიფინგებზე და რატომ გართულდა კულტურის სამინისტროდან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება მედიისთვის.