ოპოზიცია საზმაუს ბორდის კანდიდატად პარლამენტში მეორედ წარადგენს ლიკა ბასილაია-შავგულიძეს
20.04.2022
ენმ-ის წარდგენილ კანდიდატს პარლამენტმა მხარი პირველ კენჭისყრაზე არ დაუჭირა, თუმცა ოპოზიცია ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურის წამოყენებას მეორედ აპირებს.


რატომ არის ამბავი მნიშვნელოვანი?

  • თუ დეპუტატები ოპოზიციის კანდიდატ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს ისევ არ დაუჭერენ, პარლამენტის რეგლამენტის 209-ე მუხლის თანახმად, ბორდის ერთი კანდიდატის ასარჩევად კონკურსი თავიდან უნდა გამოცხადდეს და მაუწყებლის ბორდის წევრის შერჩევის ყველა პროცედურა თავიდან გაიმართოს.

კონტექსტი

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამ ახალ კანდიდატს პარლამენტმა კენჭი 14 აპრილს უყარა.
  • კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, "ქართული ოცნების" წევრმა მამუკა მდინარაძემ წინასწარ თქვა, რომ ლიკა ბასილაია-შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან ოპოზიციამ მათი კანდიდატის, ვასილ მაღლაფერიძის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.
  • „მათ უნდოდათ [მაღლაფერიძის] მუშაობის, ძველი ცოდვების ჩამოწერა და, ბუნებრივია, ამაზე არავინ წავიდოდა“, - ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე - ეს საზოგადოებრივ მაუწყებელში „პარტიული მართვის“ მხარდაჭერა იქნებოდაო.
  • სამი წარდგენილი კანდიდატიდან პარლამენტმა მხარი ორს - ვასილ მაღლაფერიძეს და ომბუდსმენის მიერ წარდგენილ ლაშა ტუღუშს დაუჭირა.

„თუ უმრავლესობას აქვს კეთილგონიერება, მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კანდიდატს - პროცესს აკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ალბათ, ექნებათ რეაგირება“ - ამბობს რომან გოცირიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიანი სამეურვეო საბჭო ჯერ 8 ადამიანისგან შედგება.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, მეურვეებმა ბორდის ახალი თავმჯდომარე ხვალ, 21 აპრილის უნდა აირჩიონ.

ამავე თემაზე: პარლამენტმა საზმაუს ბორდის 2 მეურვე აირჩია, 1 ადგილი კვლავ ვაკანტურია

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ