საზმაუს ბორდის თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს
21.04.2022
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამეურვეო საბჭოს მეურვეების არასრულმა შემადგენლობამ საბჭოს თავმჯდომარედ 3 წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს:

  • თავად ვასილ მაღლაფერიძემ
  • ბონდო მძინარაშვილმა
  • გია მურღულიამ
  • მიხეილ ჩიკვილაძემ
  • იზაბელა ოსიპოვამ


სხდომაზე თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა ბესიკ ლილუაშვილმაც, თუმცა მან მხოლოდ 2 ხმა მიიღო - ზურა აბაშიძის და საკუთარი.

სხდომა კამათით დაიწყო. ბესიკ ლილუაშვილი და ლაშა ტუღუში ითხოვდნენ, რომ საბჭოს თავმჯდომარის არჩევა გადაედოთ იქამდე, სანამ მეცხრე წევრს არ აირჩევდა პარლამენტი და საბჭო სრული შემადგენლობით არ შეიკრიბებოდა. კენჭისყრის გადადებას ემხრობოდა ზაზა აბაშიძეც.

ლაშა ტუღუშმა ხმა არც ერთ კანდიდატს არ მისცა, რადგან საბჭოს სრული შემადგენლობით შეკრებამდე თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგი იყო.

ვასილ მაღლაფერიძის არჩევამდე, 40 წუთის განმავლობაში მეურვეები კამათობდნენ. ლაშა ტუღუში ითხოვდა, რომ კენჭისყრაზე დაეყენებინათ თავმჯდომარის არჩევის გადადების საკითხი, თუმცა მეურვეების უმრავლესობა ამის წინააღმდეგი იყო. 

 

მოკლედ ვასილ მაღლაფერიძის შესახებ

ვასილ მაღლაფერიძე ბორდის წევრად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატია. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო 2017-დან 2020 წლის აგვისტომდე. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ტელევიზიიდან ათობით თანამშრომლის უკანონოდ გათავისუფლება და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტიდან წასვლის შემდეგ კი, მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო.

ბორდის შესარჩევ კომისიასთან გასაუბრებაზე მან თქვა, რომ:

  • მაუწყებლის მიმართ ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები “აბსურდია“.
  • წარსულში “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეობა მას ობიექტურობაში ხელს არ უშლის და ამას „პირველ არხში“ მისი „განვლილი პერიოდი ადასტურებს“.
  • კანონით განსაზღვრული საშტატო ნუსხის საჭიროება საზოგადოებრივ მაუწყებელში არ არსებობს.

ვრცლად ამ თემაზე: ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ საზმაუში ე.წ. შავი სიების არსებობაზე გამოთქმული ბრალდებები აბსურდია

განახლებული სამეურვეო საბჭო

  • სამეურვეო საბჭო ახალი, თუმცა არასრული შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.
  • 9 წევრიანი საბჭო ჯერ 8 მეურვით არის დაკომპლექტებული.
  • 3 ვაკანტურ პოზიციაზე საბჭოს 2 ახალი წევრი - ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში 14 აპრილს შეემატა.
  • მესამე კანდიდატი კი - ლიკა ბასიალა-შავგულიძე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ წარადგინა, პარლამენტმა არ აირჩია.

მიუხედავად ამისა, ოპოზიცია ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურის წარდგენას მეორედ აპირებს.

ამავე თემაზე: ოპოზიცია საზმაუს ბორდის კანდიდატად პარლამენტში მეორედ წარადგენს ლიკა ბასილაია-შავგულიძეს

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ