ჟურნალისტ ვიკა ბუკიას მოკვლით დაემუქრნენ - ის გამოკითხვაზე დაიბარეს
11.05.2022
მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღების გამო, "TV პირველის“ წამყვანი ვიკა ბუკია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს.

რა მოხდა?

10 მაისს TV პირველის წამყვანმა ვიკა ბუკიამ ფეისბუქზე გაასაჯაროვა მუქარის შეტყობინებების ამსახველი ფოტო, სადაც ჩანს, რომ ანონიმური პირი უცენზურო სიტყვებით მიმართავს და მას და მის თანაწამყვანს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.

  • ვიკა ბუკია ამბობს, რომ გასაჯაროებული „სქრინი“ მხოლოდ ნაწილია შეტყობინებისა და ანონიმური პირები მის ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან.
  • მისი თქმით, მსგავსი შინაარსის რამდენიმე შეტყობინება უცნობი პირებისგან მარტის თვეში მიიღო, თუმცა მოწერილები spam-ში იყო და ახლა აღმოაჩინა.



რას ამბობს ვიკა ბუკია?

ვიკა ბუკია მუქარის წერილებს თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს, თუმცა, ამბობს, რომ ვერ იხსენებს კონკრეტულ გაშუქებას ან ფაქტს, რასაც შეიძლება მსგავსი შეტყობინება მოჰყოლოდა.

  • ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ მუქარის მესიჯების გაგზავნის მიზანი ჟურნალისტების დაშინების მცდელობა და ამ გზით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
  • „ვფიქრობ, რომ ამას დამნაშავეთა დაუსჯელობა ახალისებს. მინდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომ ამ ტიპის მუქარებს მოჰყვეს რეაგირება“. 

გამოხმაურება

ვიკა ბუკიას მიერ გავრცელებულ მუქარის შეტყობინებებს გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირების და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფი და ეფექტური გამოძიებიებისკენ მოუწოდა.

  • „ჟურნალისტებსა და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმასა და მათ დაშინებას გარდაუვალი მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ეფექტი კიდევ უფრო მძაფრია, თუ თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს თან ახლავს დამნაშავეთა დაუსჯელობა“ - აცხადებს მედიაკოალიცია

ვიკა ბუკიას უკვე დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და ორივე უწყებაში გამომძიებელს დღეს შეხვდება.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ