11.05.2022
რა ხდება
- 11 მაისს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ულტრა-მემარჯვენე ღიად პრორუსული პოლიტიკური აქტორებისა და მედია საშუალებების დისკურსზე დაკვირვების ანგარიში გამოაქვეყნა.
- ორგანიზაცია აკვირდებოდა მარტი-აპრილის პერიოდში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი ულტრამემარჯვენე მედია საშუალებების გზავნილებს და სწავლობდა მათი მანიპულაციური დისკურსის ძირითად ტენდენციებს.
- კვლევაში გაანალიზებულია სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული შინაარსის მქონე 475 შემთხვევა
რა აჩვენა 2 თვიანმა დაკვირვებამ
DRI-ის დაკვირვებით, საქართველოში კრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარი პლატფორმა „ალტ-ინფოა“.ორგანიზაცია ამბობს, რომ „ალტ-ინფოს“ რიტორიკაში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა:
- ერთი მხრივ, შესამჩნევი იყო რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის პირდაპირი მხარდაჭერა და უკრაინის დისკრედიტაციის მცდელობა
- ხოლო მეორე მხრივ, ძირითადი აქცენტები კეთდებოდა ანტიდასავლური და ანტი-ნატო ნარატივების გავრცელებაზე.
DRI-ის შეფასებით, „ალტ-ინფო“ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ღიად ატარებს პროკრემლისტურ დისკურსს და რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამართლებას ან უარყოფას ცდილობს.
- „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას, „ალტ-ინფოს“ წამყვანები, რომლებიც ამავე დროს ღიად პროკრემლისტური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები არიან, აქტიურად აკეთებდნენ რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს, ახდენდნენ კრემლის აგრესიული სამხედრო ინტერვენციის ნორმალიზაციას და ავრცელებდნენ დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ“.
DRI-ის დაკვირვებით, „ალტ-ინფოს“ ეთერში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს პრორუსული, პროპაგანდისტული მედია კამპანია და ომის მაპროვოცირებელ ძალად დასავლეთია წარმოჩენილი.
ორგანიზაციის დაკვირვებით:
- ტენდენციად ჩამოყალიბდა „ქართული ოცნებისა“ და „ალტინფოს“ ერთმანეთის მსგავსი განცხადებები, როდესაც საქმე უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას ეხება.
- „ალტ-ინფოს“ წამყვანებმა საქართველოს ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არ შეერთების გამო.
- „ალტ ინფოს“ წამყვანები ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ხაზი გაუსვან საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა და პირდაპირი დიალოგის აუცილებლობას, როგორც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას.
ალტ-ინფოს მთავარი გზავნილები
DRI-იმ თავის ანგარიშში„ალტ-ინფოს“ მიერ გაჟღერებული რამდენიმე ძირითადი გზავნილი გამოკვეთა:- რუსეთი, თავს არ ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას და არ ბომბავს დასახლებულ პუნქტებს.
- რუსეთის სამხედრო უპირატესობა აშკარაა და ომში უკრაინა დამარცხდება.
- დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტიანია.
- უკრაინა თავად ვაჭრობს რუსეთთან, შესაბამისად, მისი პრეტენზიები საქართველოს მიმართ დაუშვებელია.
- დასავლეთს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს.
„ერთი მხრივ, ეს არის რუსეთის მხარდამჭერი მოწოდებები და მისი სამხედრო პოტენციალის გაიდეალება, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინის დემონიზებისა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მცდელობები“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიში სრულად: ულტრამემარჯვენე რიტორიკა და ტენდენციები სოციალურ მედიაში