კრიტიკული მედიების წარმომადგენლები გვარამიას საკითხზე აშშ-ს ელჩს შეხვდნენ
18.05.2022
კრიტიკული მედიების მენეჯერები და ჟურნალისტები ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შეხვდნენ.

„ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს, რომ გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველანაირი ბერკეტი, რათა ნიკა და მისი სახით, მედია გათავისუფლდეს“ - თქვა მედიებთან „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და დეტალებზე არ უსაუბრიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კელი დეგნანი საქმის დეტალებს კარგად იცნობს და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმირებულია.

„ფორმულას“ ტელეწამყვანი, ნინო ჟიჟილაშვილის ამბობს, რომ ელჩთან შეხვედრის შემდეგ აქვს აღქმა, რომ „მედიას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ექნება“.

მედიის წარმომადგენელთა ნაწილმა ელჩთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა და ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვა.

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას პოზიციის და სურვილის გათვალისწინებით, „მთავარი არხი“ პრეზიდენტს მის შეწყალებას არ სთხოვს, თუმცა ფორმულას ჟურნალისტის, ნინო ჟუჟილაშვილის თქმით, გვარამიას გასათავისუფლებლად „ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ“.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ