18.05.2022
მედიები მიიჩნევენ, რომ ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის ხელისუფლების ღია მუქარა დამოუკიდებელი მედიების მიმართ.
- „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“, რომელიც 45 რეგიონულ მედიას აერთიანებს, აცხადებს, რომ „გადაწყვეტილება ატარებს მედიაზე ზეწოლის ნიშნებს და განსაკუთრებულ უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც მედიაგარემოზე, ისე ზოგადად ქვეყნის ბედზე, მის ევროპულ მომავალზე, გაზრდის დაპირისპირების ფონს და პოლარიზაციას, რაც „დამოკლეს მახვილვით“ ჰკიდია, როგორც ქართული მედიის, ისე საქართველოს საზოგადოების თავზე“.
- „პუბლიკა“ მიიჩნევს, რომ პროკურატურისა და სასამართლოს ქმედება ემსახურებოდა არა მართლმსაჯულების ინტერესს, არამედ პოლიტიკურ მოტივს და ეს მოტივი ხელისუფლებისთვის არასასურველი მედიის გაჩუმების მცდელობაა“
- „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა და პატიმრობის მისჯა „ცალსახად აღიქმება, როგორც გაფრთხილება და მუქარა თითოეული იმ მედიისა და ჟურნალისტის მიმართ, ვინც არ ემორჩილება ხელისუფლების ცენზურას, კრიტიკულად აშუქებს მის საქმიანობას, იკვლევს კორუფციაში მაღალჩინოსანთა სავარაუდო ჩართვის შემთხვევებსა და სააშკარაოზე გამოაქვს ისეთი ფაქტები, რომლის გაშუქებაც ხელისუფლებას არ სურს“.
- „სტუდია მონიტორის“ შეფასებით, გვარამიას დაკავების ფაქტი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ დროს, „როდესაც მოქმედი ხელისუფლება ახალისებს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას და სათანადოდ არ სჯის ძალადობის ორგანიზატორებს, როგორც ეს მოხდა 2021 წლის 5 ივლისს“. „მონიტორი“ აცხადებს, რომ მედიის წარამომდგენლების მიმართ ხელისუფლება უკანონო ფარულ მიყურადებას ახორციელებს და ეს ფაქტი არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მათი წყარობის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემებს.
მედიები სოლიდარობას უცხადებენ ნიკა გვარამიას და „მთავარ არხს“ და მოუწოდებენ მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს, რომ გააკეთონ ყველაფერი მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ვრცლად განცხადებები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
- „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე
- „პუბლიკის" განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის განცხადება
- სტუდია მონიტორის განცხადება
კონტექსტი
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.