თბილისსა და ბათუმში მედიის სოლიდარობის მარში იმართება
18.05.2022
მედიასაშუალებების ორგანიზებით, თბილისში მედიის სოლიდარობის მარში იმართება.

ორგანიზატორებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააპატიმრეს.

აქციაზე მედიამენეჯერებთან და ჟურნალისტებთან ერთად იმყოფებიან მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ორგანიზატორების თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ ფეხქვეშ გათელა ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი“.

  • „დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.
  • კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.


სოლიდარობის აქცია იმართება ბათუმშიც. ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები ბათუმში ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ.

კონტექსტი

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მედიის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

დღეს ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით 50-მდე მედიამ სარედაქციო განცხადებაც გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს „მთავარ არხს“. მედიები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის დაპატიმრებით ხელისუფლება ღიად ემუქრება დამოუკიდებელ მედიებს.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ