19.05.2022
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტთან", სადაც პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დილიდან შეხვედრებს მართავს, 4 ტელევიზიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„მთავარი არხის“, „ფორმულას“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ მენეჯერებმა და ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს და ოპოზიციური პარტიის ლიდერ ელენე ხოშტარიას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ერთობლივ წერილი გაატანეს.
ჟურნალისტები წერილის დეტალურ შინაარსზე არ საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ წერილში დერეკ შოლე გაეცნობა, თუ „რამდენად დრამატულია ქვეყანაში მდგომარეობა მედიის თავისუფლების და დემოკრატიის კუთხით“.
ჟურნალისტებს აქციაზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია და სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. მათ სიმბოლურად ყელსახვევები გაიკეთეს ყელზე და პირზე იმის საილუსტრაციოდ, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებს ახრჩობენ და აჩუმებენ და ხელისუფლება ცდილობს თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს.
დერეკ შოლე საქართველოში 18 მაისს ჩამოვიდა. ის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს.
კონტექსტი
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
მედიის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დამოუკიდებელი მედიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციებს მართავენ
18 მაისს 50-მდე მედიამ სარედაქციო განცხადებაც გაავრცელეს და სოლიდარობა გამოუცხადეს გვარამიას და „მთავარ არხს“. მედიები მიიჩნევენ, რომ კრიტიკული ტელევიზიის დამფუძნებლის დაპატიმრებით ხელისუფლება ღიად ემუქრება დამოუკიდებელ მედიებს.