საქართველო რუსული მედიის მიმართ აგრესიული ქვეყნების სიაში
24.05.2022
რუსული მედიის მიმართ აგრესიულ ქვეყნებს შორის რუსეთის სახელმწიფო დუმის კომისიამ საქართველოც დაასახელა.

რა მოხდა? რუსეთის სახელმწიფო დუმის შიდა საქმეებში საგარეო ჩარევის საგამოძიებო კომისიამ დაასახელა 13 ქვეყანა, რომლებიც “რუსული მედიის მიმართ ყველაზე აგრესიულად იქცევიან”.

ეს ქვეყნებია: ლატვია, უკრაინა, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი.

დუმის კომისიის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი ამბობს, რომ ეს ქვეყანები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ “რუსული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებისა და რეპრესიების შესახებ ინფორმაციის გაანალიზებით გამოავლინეს. ასეთი შემთხვევების რიცხვით ლიდერობენ: ლატვია, უკრაინა და საფრანგეთი.”

ბრალდებები დასავლეთს

პისკარევი ამტკიცებს, რომ დასავლეთი რამდენიმე წელია რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის “გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად” მასობრივ კამპანიას აწარმოებს, რაც, მისი თქმით, მოიცავს:

  • ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციებზე უარის თქმას
  • დაბრკოლებების შექმნას საბანკო მომსახურებაზე
  • მაუწყებლობის შეწყვეტას
  • საზღვარზე დაკავებებს
  • რუსული მედიისთვის პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივ დევნას

“დასავლეთი სიმართლის სიტყვის შიშით, არამხოლოდ კრძალავს დღეს ჩვენს მედიას თავის ქვეყნებში, არამედ აწესებს საკუთარ ცენზურას ჩვენს საინფორმაციო სივრცეში, ბლოკავს რუსეთის მოქალაქეების წვდომას რუსულ მედიასაშუალებებზე სოციალურ ქსელებში და YouTube-ის ვიდეო სერვისზე”- ამბობს დუმის დეპუტატი.

როგორ უპასუხებს კრემლი? რუსი დეპუტატი “რუსული მედიისადმი დისკრიმინაციისა და ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ მტრული ქმედებების” საპასუხოდ ადეკვატურ პასუხად მიიჩნევს “კანონპროექტს სარკისებური ზომების შესახებ”.

მისი თქმით, ამ ზომებს შორისაა უცხოური მედიის რეგისტრაციისა და ლიცენზიის გაუქმება, თუკი ისინი ავრცელებენ “უკანონო” ინფორმაციას.

კონტექსტი

  • რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ სანქციები შეეხო რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს, რომლებიც საერთაშორისო აუდიტორიაზე მუშაობენ. ევროკავშირმა აკრძალა Russia Today (RT), Sputink და მათი შვილობილი კომპანიები. რუსულ სამთავრობო მედიაზე შეზღუდვებს შეუერთდნენ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიც.
  • რუსეთში კი მიიღეს კანონი, რომლითაც სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება პატიმრობით ისჯება. ამ კანონის საფუძველზე რუსეთის მარეგულირებელმა არაერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება და ინფორმაციის წყარო დაბლოკა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ