„მთავარ არხში“ გადასვლის გამო, სასამართლომ ეკა კვესიტაძეს რ2-სთვის 25 000 ლარის გადახდა დააკისრა
10.06.2022
თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარ არხში“ მუშაობის დაწყების გამო, ეკა კვესიტაძეს რ2-სთვის 25 000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ

რა ხდება

  • „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა კვესიტაძემ შეიტანა.
  • ჟურნალისტი ითხოვდა დისკრიმინაციული მოტივების გამო მიღებული გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურებას.
  • სასამართლოში ეკა კვესიტაძის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება

კვესიტაძის საქმეზე სამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 10 ივნისს გამოაცხადა. განაჩენის მიხედვით:

  • სასამართლომ ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერად მიიჩნია და „რუსთავი 2-ს“ მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დააკისრა.
  • „მთავარ არხში“ მუშაობის გაგრძელება კი სასამართლომ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია და კვესიტაძეს „რუსთავი 2-ის“ სასარგებლოდ 25 000 ლარის გადახდა დააკისრა.
სხვაგვარი განაჩენი გამოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 მაისს ნოდარ მელაძისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავს საქმეებზე.

სასამართლომ მათი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და ტელეკომპანიას კომპენსაციის სახით ნოდარ მელაძისთვის - 80 000 ლარის, ნანუკა ჟორჟოლიანისთვის კი 62 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რას აპირებენ

ეკა კვესიტაძის უფლებადამცველი ორგანიზაციის - საიას განცხადებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისთანავე, პირველი ინსტანციის განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე, სხვა ჟურნალისტებთან ერთად, კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო, დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

საიას განცხადებით, ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა ხელშეკრულების უხეში დარღვევის მოტივით და მენეჯმენტმა კვესიტაძეს და რამდენიმე ჟურნალისტს ხელფასის გადახდა შეუწყვიტა.

„ხელფასის შეწყვეტასთან ერთად მას ურჩიეს შვებულებაში გასვლა. რჩევა მოდიოდა ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლისგან, რომლის მოწმედ დაკითხვაც, სამწუხაროდ, სასამართლომ არ ისურვა. სამწუხაროდ ეს და სხვა მრავალი ფაქტობრივი გარემოება, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას“ - აცხადებს საია.

კონტექსტი

  • ეკა კვესიტაძე „რუსთავის 2“-დან 2019 წელს გათავისუფლდა, მას შემდეგ, რაც 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არხის მფლობელად ქიბარ ხალვაშის ცნობის შესახებ.
  • მფლობელის შეცვლის შემდეგ, გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა. სწორედ მან მიიღო ეკა კვესიტაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება, 2019 წლის აგვისტოში, ნოდარ მელაძესთან, ნანუკა ჟორჟოლიანთან და გიორგი ლაფერაშვილთან ერთად. მიზეზად კი, ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
  • იმავე პერიდში ტელევიზია, პროტესტის ნიშნად, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა დატოვა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ