16.06.2022
მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის - “მთავარი არხის” დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის დაპატიმრებით, ქვეყნის ევროპულ მომავალს რეალური საფრთხე შეექმნა.
„მოგმართავთ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, შეიწყალოთ ნიკა გვარამია და ამ გზით შეასრულოთ საკუთარი როლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვასა და საქართველოს ევროპის კავშირში ინტეგრაციის პროცესში“ - მოუწოდებს მედიაკოალიცია სალომე ზურაბიშვილს.
ორგანიზაციების შეფასებით, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის 2022 წლის 8 ივნისის რეზოლუციაში სამართლიანი კრიტიკაა და მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ გვარამიას განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს.
სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებლობაზე საუბრისას, მედიაკოალიცია იშველიებს საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებებს.
- სახალხო დამცველი პრეზიდენტს მიმართავს, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
- რატომ არის ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელი? - TI-ის შეფასება.
- საია: ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელია.
„ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი მოსახლეობის გაცხადებული სურვილია, საქართველოს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - ნათქვამია განცხადებაში
პრეზიდენტის მიმართვას 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.