ნათია კაპანაძემ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
23.06.2022

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 

რა ხდება? მას შემდეგ, რაც ბათუმის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ. ნათია კაპანაძემ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

კაპანაძის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას და კაპანაძის სასარგებლო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს. 

დეტალები

6 მაისს, სამწლიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, ნათია კაპანაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის სარჩელი, რომლითაც ის ითხოვდა:

  • მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

 

კონტექსტი

ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა დირექტორობიდან მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.

იმპიჩმენტის ინიციატორები გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე სხვადასხვა საკითხთან ერთად ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ:

  • „მისი დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგის შემცირებას.“ 
  • „რომ ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
  • „რომ ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

ვრცლად ამ თემაზე: ნათია კაპანაძე „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მის წინააღმდეგ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ