როგორ გაუარესდა მედიაგარემო 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, საქართველოში
05.07.2022
ერთი წელი გავიდა 2021 წლის 5 ივლისიდან, როდესაც თბილისში დაგეგმილი “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ძალადობრივი ჯგუფები მედიის 53 წარმომადგენელს დაესხნენ თავს.

მათი ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა. დაშავებულებს შორის იყო ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

უწყვეტი პროტესტის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს და თავდასხმის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დღემდე არ დამდგარა.

როგორ შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში ბოლო 1 წელიწადში?

5 ივლისს მედიაზე თავდასხმამ გავლენა იქონია საქართველოში მედიაგარემოს შეფასებაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან:

მთავარი აქცენტები: 

  • ორგანიზაციები წერენ, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მედიაგარემო გაუარესდა
  • მიუთითებენ პოლიტიკურ ჩარევებზე, სამართლებრივ პრობლემებზე
  • ჟურნალისტებზე გახშირებულ თავდასხმებზე
  • ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე

დეტალურად:

საქართველოში მედიაგარემოს გაუარესებამ გავლენა იქონია ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ.

  • კანდიდატის სტატუსის მისაღებ 12 პირობას შორის არის თავისუფალი მედიაგარემოს პუნქტიც. 
  • საკითხის განხილვისას, ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში მედიის თავისუფლება სერიოზულად იზღუდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის ნაწილია და ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“

საქართველომ პრესის თავისუფლების ინდექსში მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

  • ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოსთვის უპრეცენდენტო უკუსვლა იყო 2021 ივლისში 50 რეპორტიორზე თავდასხმა უსაფრთხოების ძალების თვალწინ.
  • RSF წერს, რომ საქმის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა აჩვენებს იმ დაუსჯელობას, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტებზე თავდამსხმელები.

“ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა”

  • ორგანიზაციის ანგარიშში, “პრესის თავისუფლების დაცვა დაძაბულობისა და კონფლიქტის დროს”, საუბარია საქართველოში 5 ივლისის თავდასხმაზე, გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე და გახშირებულ მუქარებზე ჟურნალისტების მიმართ.

"ამნესთი ინთერნეიშენალი"

  • თავის ბოლო ანგარიშში, საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საქართველოში კრიტიკული მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფარულ თვალთვალზე, დაშინებასა და თავდასხმაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

  • 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მედიის პლურალიზმი შემცირდა.
  • პრობლემებს შორის ჩამოთვლილია ჟურნალისტების არდაშვება საჯარო ღონისძიებებზე
  • მთავრობის გავლენა მედიის ნაწილზე, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

2021 წელს მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხეზე მიუთითებდა უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-იც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ