ჟურნალისტმა ნატა ქაჯაიამ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ პარლამენტს საჩივრით მიმართა
12.07.2022
ჟურნალისტი ნატა ქაჯაია ითხოვს, პარლამენტმა დისციპლინური სანქცია გამოიყენოს დეპუტატ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, დისკრიმინაციული და დამამცირებელი ქცევის გამო.

რა მოხდა?

11 ივნისს მედიაკოალიციის კოორდინატორმა და “მედიაომბუდსმენის” დირექტორმა ნათია კაპანაძემ, ნატა ქაჯაიას სახელით, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და სამართლებრივი რეაგირებისთვის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართა.

კონტექსტი

24 ივნისს პარლამენტში, ინტერვიუს ჩაწერისას, „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ TV პირველის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას შეურაცხმყოფელი სტყვებით მიმართა:

  • “დაკარგე ადამიანის სახე”
  • „თვალები გადმოგეყარა, ცუდად ხარ, მართლა ცუდად ხარ“
  • „გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ“
  • “მელაპარაკები თვალებგადმოყრილი და გაღიზიანებული, შენ ინტერვიუ გგონია ახლა ეს?”

რა პრობლემაა?

ნატა ქაჯაიას განმარტებით, ეს დამაკნინებელი მოპყრობა პარლამენტის წევრის მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო.

“საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი” პარლამენტის წევრს უზღუდავს მოქალაქეებთან არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს:

  • მუხლი 2.7. პარლამენტის წევრმა პატივისცემით უნდა მიმართოს პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს. მან უნდა გამოიყენოს კორექტული ლექსიკა მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლებისას და საპარლამენტო დებატების დროს;
  • მუხლი 2.8. პარლამენტის წევრისთვის დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები, მიმართვები და სიძულვილის ენის გამოყენება;.

მედიაკოალიციის კოორდინატორისა და მედიაომბუდსმენის დირექტორის, ნათია კაპანაძის შეფასებით, ჟურნალისტის მიმართ მამუკა მდინარაძის ქმედება ღირსების მიზანმიმართულად შემლახავი იყო.

„ჟურნალისტების, განსაკუთრებით ქალი ჟურნალისტების დაცინვა და მათთვის დამამცირებელი გარემოს შექმნა, ცალსახად ახალისებს მუქარას და ძალადობას, შესაბამისად, ძირს უთხრის მედიის მიმართ საზოგადოების ნდობას“ - განმარტავს კაპანაძე.

დეტალები

ნათია კაპანაძე პარლამენტის ეთიკის საბჭოს სთხოვს, შეისწავლონ ნატა ქაჯაიას მიმართ უხეში მოპყრობის, დისკრიმინაციული მიმართვების და პატივისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულების ფაქტი.

ასევე, ითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭომ „იმსჯელონ მომხდარ ინციდენტზე და გამოიყენონ დისციპლინური სანქციებიდან ერთ-ერთი“:

  • სარეკომენდაციო ბარათი/გაფრთხილება
  • ხელფასის დაკავება
  • ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობის შეჩერება მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში.

სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლისა და პარლამენტისთვის რეკომენდაციის მომზადების თხოვნით, ნათია კაპანაძემ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსაც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ