14.07.2022
რა რის მნიშვნელოვანი?
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ის “ოპოზიციურ ტელევიზიებს ამხელს” - კრიტიკული ტელევიზიის წარმომადგენლები “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე უკანონო, ფარულ მიყურადებაზე საუბრობენ.რა ირკვევა გავრცელებული ჩანაწერით?
გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი 2022 წლის 13 ივლისს გამოაქვეყნა.- 2-წუთიან აუდიო ჩანაწერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” მაშინდელი წამყვანის გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის ეკა სარიას და ჟურნალისტების ლაშა კვესელაძისა და გიორგი გვიშიანის საუარი ისმის.
- ჟურნალისტები წყაროსგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობენ.
“უცნობის” მტკიცებით, ჩანაწერიდან იკვეთება, რომ გოგაშვილი სამ ტელევიზიას (“მთავარ არხს”, “ტვ.პირველსა” და “ფორმულას”) აწვდის ინფორმაციას, რომელსაც ეს არხები “სათავისოდ” იყენებენ და “ასე მზადდება ყველანაირი ფეიკი.”
“მთავარი არხის” ჟურნალისტები კი ამბობენ, რომ ჩანაწერში “მთავარი არხის” გადაცემისთვის რეპორტაჟის დაგეგმვის პროცესია ასახული.
ჩანაწერის ავთენტურობა
“უცნობის” გასაჯაროვებული ჩანაწერის ავთენტურობა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიორგი გვიშიანმა დაადასტურა.გვიშიანის ინფორმაციით, ჩაწერილი საუბარი 2021 წლის ნოემბერში შედგა და იმავე პერიოდში გავიდა ეთერში რეპორტაჟი, რომელსაც ჟურნალისტები “უცნობის” გასაჯაროვებულ ჩანაწერში გეგმავენ.
მოგვიანებით, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მოვალების შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამაც დაადასტურა, რომ ჩანაწერი რეალური საუბრის ფრაგმენტებს შეიცავს, თუმცა შეიმჩნევა მონტაჟის კვალი.
ვინ ჩაიწერა ჟურნალისტების თათბირი?
“მთავარი არხის” ინფორმაციით, აუდიო ჩანაწერის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ეს სუს-ის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერია, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძეს გაასაჯაროვებინეს.გაჩეჩილაძის თქმით კი მას ტელეკომპანია “მაესტროს” შესასვლელთან დახვდა ნაცნობი ერთ-ერთი კრიტიკული მედიასაშუალებიდან და ჩანაწერი გადასცა.
ჟურნალისტების მიყურადება
“მთავარ არხში” მიიჩნევენ, რომ მათ სატელეფონო საუბრების გარდა სხვა მეთოდებითაც უსმენენ. არხის ჟურნალისტის გიორგი გვიშიანის თქმით, საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ ვისგან გავიდა ინფორმაცია და რას ემსახურებოდა ჟურნალისტების მოსმენა.- “თუ ეს იყო კანონიერი, გვითხრან, რომ ე.ი თვალთვალის ობიექტები ვართ, თუ არ არის - ეს ყველაფერი მაშინ უკანონოა და დაადგინონ ვინ გვისმენს უკანონოდ”, - ამბობს გვიშიანი “მთავარ არხთან”.
გამოძიების მოთხოვნაში აზრს ვერ ხედავს არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
- “სამწუხაროდ, ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში სასაცილოა გამოძიების მოთხოვნა - საკუთარ დანაშაულს რანაირად გამოიძიებენ? გამოძიებას თუ დაიწყებენ, ისევ მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად და ძალაუფლების კიდევ უფრო მყარად მისატაცებლად, ამიტომ მე არ მოვითხოვ იმას, რასაც აზრი არ აქვს.”, - ამბობს გიორგი გაბუნია.
არხის ხელმძღვანელი სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს:
- აუცილებლად დაინტერესდნენ “მთავარ არხში” ჟურნალისტებზე თვალთვალის ფაქტით.
- შეისწავლონ ეს ფაქტი და მოახდინონ სათანადო რეაგირება, რადგან “ქვეყანაში აღარ არსებობს არც მიუკერძოებელი გამოძიება და არც დამოუკიდებელი სასამართლო.
ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.
ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ ეჭვები.
კოალიციის განცხადებით:
- ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა.
- 2022 წლის 13 ივლისს, ე.წ. სამთავრობო ტელეარხებზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.
- გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით უნდა დაიწყოს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.
ჟურნალისტებზე მიყურადების ფაქტები გასაჯაროვდა გასულ წელსაც. ვრცლად ამ თემაზე: ფარულ მოსმენებზე 10 ჟურნალისტის სარჩელი „მედიაომბუდსმენმა“ სტრასბურგში გაგზავნა.