15.07.2022
რატომ არის მნიშვნელოვანი? არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რაც სათანადოდ არ არის გამოძიებული. მედიაკოალიციამ 14 ივლისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ ეჭვები.
გამოძიების დეტალები
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
რას გულისხმობს სსკ-ის 158-ე მუხლი, 1 ნაწილი?
- კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა.
- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
კონტექსტი
გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი 2022 წლის 13 ივლისს გამოაქვეყნა.
- 2-წუთიან აუდიო ჩანაწერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმის” მაშინდელი წამყვანის გიორგი გაბუნიას, პროდიუსერის ეკა სარიას და ჟურნალისტების ლაშა კვესელაძისა და გიორგი გვიშიანის საუარი ისმის.
- ჟურნალისტები წყაროსგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობენ.
- “მთავარი არხის” ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს სუს-ის უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერია.