მოსამართლე ადასტურებს, რომ აშშ-ში ვიზიტი გაუუქმეს, გვარამიაზე გამოტანილი განაჩენის გამო,
15.07.2022
ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვიძე ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

რა ხდება

15 ივლისს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც იგი ადასტურებს, რომ გვარამიასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩხიკვილაძემ განცხადება ტელევიზიას თვითონ მიაწოდა.

მოსამართლე ამბობს, რომ განცხადების გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადებას მოუსმინა:

  • ჩხიკვაძის შეფასებით, ევროპარლამენტარი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით, „თითქოს იქამდე დაშვებული შეცდომა გამოასწოროს“
  • ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს - კევინ ბურკს შეხვდა.
  • „საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა“ - ამბობს ჩხიკვაძე. 
  • „ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში, სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი“ - ამბობს ჩხიკვაძე.

მოსამართლის შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ ემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო“.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“.

კონტექსტი

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ