ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომა - დეტალები მოკლედ
19.07.2022
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 19 ივლისს, „რუსთავი 2-ის“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული საქმის განხილვა დაიწყო.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით განიხილა.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები.

რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?

ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ზოგ შემთხვევაში ეს მედიაზე ზეწოლადაც შეფასდა.

რა თქვა სასამართლოზე გვარამიამ

  • გვარამიამ თავდაპირველად გამოეხმაურა თავისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის ჩხიკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის აშშ-ს აკრიტიკებდა: „მე არ ვიცი რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები და აქამდე არ გამიგია, სასამართლოს მიმართ თავდასხმებები სტრატეგიულ პარტნიორზე“.
  • გვარამიამ ასევე დასძინა, რომ „დაუშვებელია და გმობს“ თუ, როგორც ჩხიკვაძე ამბობს, მართლაც „არ წყდება ბულინგი მისი მეუღლისა და შვილების მიმართ“.
  • გვარამიამ დანაშაული უწოდა ტელეწამყვან, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელებას, სადაც „მთავარი არხის“ თანამშრომლების საუბარი ისმის.


შემდეგი სასამართლო სხდომა

  •  „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მომდევნო სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს, 14:00-ზე ჩაინიშნა.
  • ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა მოსამართლეს მიმართეს, რომ პროცესის 2 თვეზე მეტით გადადება კანონმდებლობით საქმის განხილვის ვადების დარღვევაა.
  • მოსამართლემ სხდომის ორთვე-ნახევრით გადადება ივლისსა და აგვისტოში მოსამართლეების შვებულებებითა და სექტემბერში უკვე ჩანიშნული სხდომებით ახსნა.

კონტექსტი 

  • 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა 
  • სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა ●
  • მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ