სასამართლომ აჭარის საზმაუდან შორენა ღლონტის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია
22.07.2022
ბაუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის - შორენა ღლონტის მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.

რა ხდება

თითქმის 2 წლიანი განხილვის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შორენა ღლონტისთვის 20 000 ლარის ოდენობის კომპენსაციის და, გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით, ყოველთვიური 2500 ლარის გადახდა დააკისრა.

ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც სასამართლოში შორენა ღლონტის უფლებებს იცავდა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ, „ახალი მენეჯმენტის პროსახელისუფლებო პოზიციებისა და ლოიალობის გათვალისწინებით, იგი მიზანმიმართულად გახდა დისციპლინური დევნის სუბიექტი და გაათავისუფლეს თანამდებობიდან“.

  • „მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით იგი გადაიყვანეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად, ხოლო მას შემდეგ რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს სარჩელით მიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა მას კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა.
  • შორენა ღლონტმა მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა და ითხოვა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებების უკანონოდ ცნობა, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება.
  • სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ ცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კონტექსტი

  • აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დირექტორად დანიშვნის შემდეგ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლა ანდა ხელშეკრულება შეუცვალა.
  • აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა და არსებითად სხვა პოზიციაზე გადაყვანილმა თანამშრომლებმა მაუწყებლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყეს.
  • კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერად და დირექტორის გადადგომის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.
  • მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებდნენ გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ