მედიაკოალიცია: “ოცნების” მიზანი მედიასივრცეში კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა
10.08.2022
“მედიის ადვოკატირების კოალიცია” საგანგაშოდ მიიჩნევს მმართველი პარტიის მოთხოვნას კომუნიკაციების კომისიამ დაასანქციროს სამი კრიტიკული ტელევიზია აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო.

კონტექსტი


“ქართული ოცნება” “მთავარ არხს”, “ფორმულასა” და ტელეკომპანია “პირველს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლის გამო. მმართველი პარტიის აზრით:

  • ვიდეო წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში ასეთი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.
  • ემსახურება “ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას.

ვრცლად “შინ ევროპისკენ” ვიდორგოლზე წაიკითხეთ ამ ბმულზე.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

მედიაკოალიცია, რომელიც 16 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების ხელშეშლა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და საფრთხეს უქმნის პლურალიზმს ქვეყანაში.

ამგვარი დამოკიდებულება კი შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.

მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ:

  • “ქართული ოცნება” საჩივარში თავადვე მიუთითებს, რომ ამ საქმის წარმოების მიზანი მედიასივრცეში პარტიის მიმართ უარყოფითი მესიჯების გაქრობა და მათთვის არასასურველ საკითხებზე კრიტიკული მოსაზრებების შეზღუდვაა.
  • კამპანია “შინ ევროპისკენ” სახელით გავრცელებულ რგოლში არ ჩანს არცერთი საარჩევნო სუბიექტი - საჯარო ხელისუფლების თანამდებობის არცერთი კანდიდატი. აქედან გამომდინარე, მასალა ვერ აკმაყოფილებს პირობებს, რომელთა ერთობლიობაც წინასაარჩევნო რეკლამად შეფასების შესაძლებლობას შექმნიდა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას: არ გააგრძელოს კრიტიკული მედიასაშუალებების შეზღუდვის პრაქტიკა და გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს როგორც სადავო საკითხის მნიშვნელობა, ისე მედიის თავისუფლების შეზღუდვის რისკები.

აქამდე, პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხზე კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი” 2020 და 2021 წლებში უმაღლესი ზომით ორჯერ დააჯარიმა, რაც კოალიციამ ცენზურის მცდელობად შეაფასა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ