მედიაომბუდსმენმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი წარადგინა
12.08.2022
უფლებადამცველმა ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი” მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიმართ შეურაცხყოფაზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

ორგანიზაციამ ირაკლი კობახიძეზე საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში საჩივარი წარადგინა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიზნით კი სახალხო დამცველს მიმართა.

რა მოხდა?

25 ივლისს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნატალი ჯახუტაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯომარეს, ირაკლი კობახიძეს ჰკითხა კომენტარი უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადების შესახებ, რომ „ირაკლი კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“.

ირაკლი კობახიძემ, კითხვის საპასუხოდ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და სექსისტური ფრაზებით მიმართა.

ირაკლი კობახიძის რეპლიკები ჟურნალისტის მიმართ:

  • “კაგებეშნიკი არის მამათქვენი. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. არ გრცხვენია? შენც ხარ დავით არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი…“
  • „სახე დაკარგე, თავი დაკარგე. პოლიტიკა გიღირს ამად? სამარცხვინო ხარ. გულისამრევი. ქალი აღარ ხარ.“
  • „პირი მოიწმინდე, რომ ლაპარაკობ. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს.“
  • „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მოგვიანებით შეურაცხმყოფელი ფრაზები ჟურნალისტების მიმართ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტშიც გაიმეორა.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ამ ბმულზე.

რას ამბობს უფლებადამცველი ორგანიზაცია?

“მედიაომბუდსმენი”, რომელიც ნატალი ჯახუტაშვილის ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამების გამოყენებით ირაკლი კობახიძემ დაარღვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ