კრიტიკული ტელევიზიები: ”ჩვენ წინააღმდეგ ორკესტრირებული სადამსჯელო ქმედებაა მომართული”
12.08.2022
ტელეკომპანია “ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” კომუნიკაციების კომისიის მიერ მათ წინააღმდეგ “ქართული ოცნების” საჩივრის მიღებას “ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად” მიიჩნევს.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი ტელევიზია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

სამი ტელევიზიის პოზიცია

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” კომისიის მიერ მმართველი პარტიის საჩივრის განსახილველად მიღებას დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებად აფასებენ.

მაუწყებლებს მიაჩნიათ, რომ:

  • ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი ფინანსური სანქციების დაწესებას და მათთვის ფინანსური დაბრკოლებების შექმნას.
  • ხელისუფლება მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით ცდილობს საზოგადოებაში კრიტიკული/ნეგატიური აზრის ჩახშობას.
  • კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილება

კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საჩივარი, რომლითაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვს აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო დასაშვებად 11 აგვისტოს ცნო.

საჩივრის არსებითი განხილვა კი 23 აგვისტოს 15:00 საათზე დანიშნა.

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” აცხადებს, რომ კომისია:

  • ვალდებული იყო შეეფასებინა, არის თუ არა “ქართული ოცნება” ამ ტიპის განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი, ხოლო კომისია უფლებამოსილი განიხილოს აღნიშნული საკითხი.
  • მოსამზადებელ სხდომაზევე უნდა შეემოწმებინა სადავო რეკლამა არის პოლიტიკური/წინასაარჩევნო თუ სოციალური, ხოლო ამის გადაწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობის საფუძველზე ემსჯელა შედის თუ არა მის კომპეტენციაში მსგავსი რეკლამის შინაარსის შეფასება.

კომუნიკაციების კომისიის არგუმენტით კი, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე რეკლამის შინაარსში არ შედიან და ჩაითვლება თუ არა ვიდეორგოლი პოლიტიკურად არსებითი განხილვის სხდომაზე იმსჯელებენ.

ვრცლად ამ თემაზე: “ოცნება” კრიტიკულ ტელევიზიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ