კომუნიკაციების კომისია “ფორმულას”, “პირველსა” და “მთავარ არხს” პასუხობს
16.08.2022
კომუნიკაციების კომისია დაუსაბუთებელს უწოდებს კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების ერთობლივ განცხადებას, რომელშიც კომუნიკაციების კომისიის მიერ მათ წინააღმდეგ მმართველი პარტიის საჩივრის მიღებას “ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად” არის შეფასებული.

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულას,” ტელეკომპანია “პირველისა” და “მთავარი არხის” საპასუხო განცხადება 16 აგვისტოს გაავრცელა.

რა ხდება?

კომუნიკაციების კომისიამ 11 აგვისტოს დასაშვებად ცნო მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საჩივარი, რომლითაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვს აქცია “შინ ევროპისკენ” ვიდეორგოლის გაშვების გამო.

“ფორმულა”, “პირველი” და “მთავარი არხი” მიიჩნევენ, რომ, ხელისუფლება კომისიის საშუალებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილი მედიებისთვის დამატებითი სანქციებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნას და საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობას.

რას პასუხობს კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებს?

კომუნიკაციების მარეგულირელ ორგანოში მიაჩნიათ, რომ მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია, შესაბამისად:

  • “არგუმენტს მოკლებულია, რომ კომისიის გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის მედიის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.”
  • “საქმე ეხება სამაუწყებლო რეკლამის კანონიერების საკითხს, რასაც არაფერი აქვს საერთო გამოხატვის თავისუფლებასთან.”
  • “კანონმდებლობით როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი კომუნიკაციების კომისიის განსახილველია.”
  • “ამიტომ, არ არსებობდა სადავო ვიდეორგოლთან დაკავშირებით საჩივრის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.”
  • “ვიდეორგოლის შინაარსობრივი შეფასება და მისი ეთერში განთავსების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტა არ ხდება კომუნიკაციების კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე.”
  • “კომუნიკაციების კომისია არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს სადავო ვიდეორგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემედგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით.”

ამავე თემაზე:

რას ამბობს კომისია მედიის შეზღუდვის ბრალდებებზე?

კომისია ამბობს, რომ 2014 წლიდან არ არსებობს მათ მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მედიის თავისუფლებას ზღუდავს. კომისიის აზრით, მათი მიდგომა და ყველა გადაწყვეტილება, ქვეყანაში მედია პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების ხარისხი მაქსიმალურად გაზრდისკენაა მიმართული.

გავრცელებულ განცხადებაში კომისია მიუთითებს იმაზეც, რომ “კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს” და შემდეგ კომისიას ბრალდებებს უყენებენ:

  • “კომუნიკაციების კომისიის მიდგომა და გადაწყვეტილებები მაუწყებლებმა იციან, შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კონკრეტული ტელევიზიები გამიზნულად არღვევენ კანონს და შემდგომ კანონის მოთხოვნების მიხედვით რეაგირებაზე კომუნიკაციების კომისიას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებენ.”
  • “მაუწყებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი პასუხისმგებლობაა რეკლამის ეთერში განთავსებით კანონი არ დაარღვიონ. კანონის დაცვით რეკლამების განთავსებისას კომუნიკაციების კომისიას საქმის წარმოების დაწყების არავითარი საფუძველი არ ექნება.”

სამი ტელევიზიის წინააღმდეგ “ქართული ოცნების” საჩივრის არსებითი განხილვა 23 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ