სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია
19.08.2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.

გოგაშვილის ბრალდებებს კი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს.

რა ხდება?

პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმა “პოსტვის” შესახებ დეტალების გასაჯაროვება 19 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში დააანონსა:

  • “მალე: როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუსის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები’’. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე )”
  • ტელეარხი “პოსტვ” - “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” 2020 წლის ანგარიშის თანახმად, პროსახელისუფლებოა და მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია. არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებას“ და ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას.

მანამდე გოგაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა საქართველოდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზეც:

  • 26 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.
  • გოგაშვილის ცნობით, 29 ივლისს ციხეში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და სხვა პირობებთან ერთად აფგან მუხთარლის საქმეზე მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
  • “ვახტანგ გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- წერს გოგაშვილი.

ამ თემაზე: სოსო გოგაშვილი: შს მინისტრი მუხთარლის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემას მთხოვდა

რას პასუხობს შს მინისტრი?

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ყოფილი კოლეგის ბრალდებებზე ჟურნალისტების შეკითხვებს 19 აგვისტოს უპასუხა.

  • გომელაური უარყოფს სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კავშირს და მის ყველა ბრალდებას “აბსურდსა” და “ტყუილს” უწოდებს.
  • საგამოძიებო უწყებაში დაბარების შემთხვევაში “მზად ვარ თუ კითხვები ექნება პასუხი გავცე გამოძიებასო”, - ამბობს გომელაური.


ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ