“ფორმულა”: ჩვენს გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ
24.08.2022
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, არხის გადამღებ ჯგუფს თბილისში პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს ფაქტზე სწრაფად რეაგირებისკენ მოუწოდებს.

რა მოხდა?

“ფორმულას” ინფორმაციით, უცნობმა პირმა ჟურნალისტ რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით სიცოცოხლის მოსპობით დაემუქრა და ოპერატორზე თავდასხმას ცდილობდა.

  • "კონკრეტული პირი მოვიდა, მითითებები ჰქონდა ჩვენთან, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით და ვთხოვეთ, რომ ორი წუთი მოეცადა, დანა ჰქონდა მას ხელში, დაგვემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ცდილობდა თავს დასხმოდა ჩემს ოპერატორს და შემდეგ დააზიანა ჩვენი მიკროფონი და გაიქცა”,- ჰყვება რატი წვერავა.
  • "მე ვარ გარეთ ერთადერთი კანონიერი ქურდი, ბადრი ჩელენჯს გიცხადებს, მოდი შევხვდეთ სადაც გინდა, როცა გინდა"- ჰყვიროდა პირი კამერის წინ.

მომხდარის შესახებ ჟურნალისტმა პოლიციას შეატყობინა.

ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

ხელისუფლებას კი მოუწოდებს:
  • დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება
  • პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ