სუს-ის მაღალჩინოსანი: მომთხოვეს მეთქვა, რომ აფგან მუხთარლიზე აღელვებულმა დავწერე
26.08.2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მოსთხოვეს ეთქვა, თითქოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ სტატუსი აღელვებულმა დაწერა და ოფიციალური ცნობების გარდა სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

სოსო გოგაშვილმა 2022 წლის ივლისში თქვა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.

რა ხდება?

გოგაშვილი ციხიდან 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მასთან ციხეში კომუნიკაცია სატელეფონო საუბრების შემდეგ “მისთვის სანდო პირის, ადვოკატის” დიმიტრი მჭედლიშვილის საშუალებით განაგრძო.

მისი თქმით, სწორედ დიმიტრი მჭედლიშვილმა გადასცა მოთხოვნა მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით:

  • “ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შემოვიდა ჩემთან მე-12 დაწესებულებაში, გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო.”
  • “მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო.”
  • “მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის.”
  • “მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა.”
  • “მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს.”

სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მისი “მე-3 ადვოკატი” დიმიტრი მჭედლიშვილი გაქრა. “კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას.”, - წერს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.

რა ინფორმაციას ავრცელებს გოგაშვილი მედიაზე?

  • სოსო გოგაშვილმა 19 აგვისტოს დაწერა, რომ ტელეკომპანია “პოსტვ” სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.
ამ თემაზე: სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია

  • 26 ივლისს სოსო გოგაშვილმა დაწერა, რომ აფგან მუხთარლი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დავალებით “სუსის ზონდერებმა” გაიტაცეს, ჩანაწერები კი წაშალეს.
  • გოგაშვილის ცნობით, 29 ივლისს ციხეში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და სხვა პირობებთან ერთად აფგან მუხთარლის საქმეზე მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა მოსთხოვა.
  • “ვახტანგ გომელაურმა გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ”- წერს გოგაშვილი.
ამ თემაზე: სოსო გოგაშვილი: შს მინისტრი მუხთარლის საქმეზე სასურველი ჩვენების მიცემას მთხოვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილთან სატელეფონო კავშირს უარყოფს და მის ყველა ბრალდებას “აბსურდსა” და “ტყუილს” უწოდებს.

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ