“მთავარ არხზე” “ვანოს შოუს” ნაცვლად ახალი იუმორისტული შოუ გავა
01.09.2022
“მთავარი არხი” ამბობს, რომ “ვანოს შოუს” მიერ არხის დატოვება მათს ინტერესებსა და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ გადაცემის გუნდმა ასე გადაწყვიტა.

არხი “ვანოს შოუს” ტელეკომპანია “პირველზე” გადასვლის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და ახალ იუმორისტულ შოუს აანონსებს.

რა ხდება?

2022 წლის 1 სექტემბერს ტელეწამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა “მთავარ არხზე” ფინანსური კრიზისის გამო გადაცემა “ვანოს შოუს” დახურვისა და ახალი სეზონიდან ტელეკომპანია “პირველზე” გადასვლის შესახებ განაცხადა.

ტელეკომპანია “მთავარი” განმარტავს, რომ ფინანსური პრობლემების გამო “ვანოს შოუს გუნდისთვის დამაკმაყოფილებელი პირობების შექმნა ვერ შეძლეს.

რას ამბობს “მთავარი არხი” “ვანოს შოუს” გუნდზე?

ტელეკომპანიის განცხადებაში წერია, რომ მძიმე ფინანსური კრიზისის მიზეზით ივნისის შუა რიცხვებში არხი იძულებული გახდა დაეხურა მთავარი პავილიონი, სადაც იწერებოდა ან პირდაპირ ეთერში გადიოდა 12 არაპოლიტიკური გადაცემა.

  • არაპოლიტიკური გადაცემებიდან ყველამ მიიღო ერთნაირი შეთავაზება, რომ გადასულიყვნენ თვითდაფინანსებაზე, საჭიროების შემთხვევაში, შეეკვეცათ ხარჯები, მორგებოდნენ ალტერნატიულ, უფრო მცირე ზომის ლოკაციებს ეთერში გასასვლელად, შეეტანათ ცვლილებები გადაცემების ფორმატში, რასაც ყველა გადაცემა დათანხმდა.

მხოლოდ “ვანოს შოუს” გუნდმა თქვა, რომ ვერ შეძლებდა „მთავარი არხის“ ახალ რეალობაზე მორგებას და ამისთვის აუცილებელი ცვლილებების შეტანას გადაცემებში. “მთავარი არხის” ინფორმაციით, “ვანოს შოუს” გუნდს შემცირებული ზომის სტუდიის მოწყობა და სპონსორების მოძიებაში დახმარება შესთავაზეს, თუმცა მათ სხვა ტელეკომპანიისგან უკეთესი შეთავაზების გამო “მთავარი არხიდან” წასვლა გადაწყვიტეს.

  • “ჩვენ დღემდე გვაქვს მათი სახელფასო დავალიანება, ისევე, როგორც აბსოლუტურად ყველა თანამშრომლის, რომელიც დღემდე მუშაობს „მთავარ არხზე“ - ხშირად ანაზღაურების გარეშე - და მაინც არ ტოვებს კომპანიას…მათი წასვლა არხისთვის ნამდვილად დანაკლისია. ეს ჩვენს ინტერესებში და გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ თვითონ გადაწყვიტეს ასე.”, - წერია “მთავარი არხის” განცხადებაში.

ახალი იუმორისტული გადაცემა “მთავარ არხზე”

ტელეკომპანია “მთავარმა არხში” ამბობენ, რომ „ვანოს შოუს“ გუნდის წასვლის გამო მუშაობა დავიწყეს ახალ იუმორისტულ შოუზე - ახალი გუნდითა და წამყვანით, რომლის ვინაობასაც მაყურებელი მალე გაიგებს.

  • “გადაცემა სწორედ იმ ახალი სტუდიიან გავა ეთერში, რომელზეც უარი თქვა „ვანოს შოუმ“ და ეყოლება ის სპონსორები, რომლებსაც ვთავაზობდით „ვანოს შოუს“.
  • “ნაკლები პოლიტიკა და მეტი იუმორი - ასეთი იქნება ჩვენი ახალი იუმორისტული შოუ, რომელიც ეთერში გავა, რა თქმა უნდა, იგივე დღეს, იგივე დროს და იგივე ადგილზე - ყოველ პარასკევს, 22:00 საათზე, „მთავარ არხზე“.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ