სოსო გოგაშვილი ადასტურებს “რუსთავი 2-ის” საქმის მოსამართლეზე ზეწოლის ფაქტს
20.09.2022
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2-ის” საქმის ერთ-ერთ მოსამართლეზე ზეწოლა ხდებოდა.

რა ხდება?

სოსო გოგაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც დაადასტურა უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადება მასზე ზეწოლის შესახებ.

  • რუსთავი 2-ის საქმის ერთ-ერთმა მოსამართლემ ბესარიონ ალავიძემ 17 სექტემბერს “მთავარ არხთან” ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან მასსა და სხვა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები იყო.
  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, 9 მოსამართლემ, მათ შორის ალავიძემ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2017 წლის 2 მარტს ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

რას ამბობს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი?

სოსო გოგაშვილი წერს, რომ მოსამართლეზე ზეწოლა სუს-ის მხრიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის, მოთხოვნის შემდეგ დაიწყო:

  • “მას შემდეგ, რაც მიხეილ ჩინჩალაძემ ალავიძეზე არაერთი ზეწოლის შემდეგ ვერ მიაღწია მიზანს მიეღო მისგან თანხმობა “რუსთავი 2-ის” საქმეზე ოცნებისთვის სასურველი გადაწყვეტილების შესახებ, მან საქმეში ჩართო მძიმე არტილერია.” “ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ - სუსი.”
  • “ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება - ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა. ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით.”
  • “სუსში გამოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც მას დიდი ხანი იცნობდა და ჰქონდა კარგი ურთიერთობა. მას დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება. შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიო ჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს.”

სოსო გოგაშვილი ყოფილ მოსამართლეს, ბესარიონ ალავიძეს ზეწოლის შესახებ ბოლომდე საუბრისკენ, სუს-ის თანამშრომელს, “შემსრულებელ ოფიცერს” კი სისტემის მხილებისკენ მოუწოდებს.

ვინ არის სოსო გოგაშვილი?

სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა. ის 15 ივლისს დააკავეს და ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს:

  • სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
  • პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
  • სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
  • გოგაშვილს 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სოსო გოგაშვილის დაკავებამდე 2 დღით ადრე, 2022 წლის 13 ივლისს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მომღერალმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობმა”) “მთავარი არხის” ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში ჟურნალისტები წყაროსგან, სოსო გოგაშვილისგან მიწოდებულ მასალაზე საუბრობდნენ.

ამ თემაზე: “უცნობის” გავრცელებული ჩანაწერები - რა ირკვევა?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ