21.09.2022
22-25 სექტემბერს საერთაშორისო მედია კონფერენციაზე უკრაინელი, ქართველი, სომეხი და მოლდოველი ჟურნალისტები, რედაქტორები და მედიამენეჯერები თავიანთ გამოცდილებასა და ცოდნას ერთმანეთს გაუზიარებენ.
კონფერენციის მთავარი სპიკერი ჟურნალ Time-ის 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში დასახელებული უკრაინელი ჟურნალისტი, “უკრაინსკა პრავდას” მთავარი რედაქტორი სევგილ მუსაევა იქნება.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
ჰიბრიდული ომისა და სოციალური მედიის ეპოქის გათვალისწიებით, ჟურნალისტებს დღეს უკრაინაში უპრეცენდენტო ვითარებაში უწევთ მუშაობა.რეგიონში რთული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, მიმდინარე მასშტაბური ომის დროს, როდესაც მედიის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ხოლო ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში მედიაგარემო უარსედება, ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ:
- უკრაინელი კოლეგებისგან მოისმინონ როგორ უმკლავდებიან იმ სირთულეებს, რომლებსაც ახლა ისინი ყოველდღიურად აწყდებიან.
- მიიღონ რჩევები საერთაშორისო ექსპერტებისგან.
- გაამყარონ კონტაქტები ერთმანეთთან.
- გააზიარონ თავიანთი გამოცდილება.
- მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა.
ვინ ატარებს კონფერენციას?
თბილისის საერთაშორისო მედია კონფერენციის ორგანიზატორი მედიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტერნიუსია”.კონფერენციას მხარს უჭერს შვედეთის მთავრობაც, სტუმრებს შორის იქნება შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.
რა თემებს განიხილავენ კონფერენციაზე?
კონფერენცია ჟურნალისტებისთვის ერთგვარი ფორუმი იქნება. ისინი ომისა და კრიზისის დროს მუშაობის შესახებ რჩევებსა და პროფესიულ გამოცდილებას გააზიარებენ, ისაუბრებენ ეფექტიანი და ინოვაციური ამბის თხრობის ფორმებსა და მედიის ფინანსურ ნაწილზე, როგორებიცაა შემოწირულობები და კონტენტის მონეტიზაცია.3 დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, ტრენინგები და კონსულტაციები.
ჟურნალისტებს ბიზნესის მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევს:
- საერთაშორისო მედიისა და მარკეტინგის კონსულტანტი, კომპანია “ნიუსგეინის” თანადამფუძნებელი, მიშელ ფოსტერი, რომელსაც აშშ-ში, აზიაში, აფრიკაში, ბალკანურ და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს.
- “ინტერნიუსის” მედია ბიზნესის გუნდის დირექტორი ჯეისონ ლამბერტი.
ადგილობრივი მედიასაშუალებებისთვის აუდიტორიის ჩართულობის საკითხს შეეხებიან ქართველი მედია მენეჯერები, მათ შორის ანი სირბილაძე (DigitalNews), ნინო ტურაშვილი (პალიტრა მედია) და გიორგი გოგუა (პროექტი 64, მედიაჩეკერი).
ამბის თხრობის შესახებ სესიებს კი “რადიო თავისუფლების” რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი, რეჟისორი ნინო ორჯონიკიძე და ქუჩის მხატვარი “გაგოშა” გაუძღვებიან.
კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილეები სასწავლო ვიზიტით კახეთში “მთის ამბებს” ესტუმრებიან.