ირანში ინტერნეტზე წვდომა შეიზღუდა - რა ხდება?
22.09.2022
ირანში ანტისამთავრობო პროტესტისა და არეულობის ფონზე ხელისუფლებამ ინტერნეტზე წვდომა მასობრივად შეზღუდა. ირანელები ვერ იყენებენ Instagram-სა და WhatsApp-ს. ეს ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ ინტერნეტის შეზღუდვის ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.

რა ხდება?

ირანის ათობით ქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები 2022 წლის 16 სექტემბერს 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ის 13 სექტემბერს ირანის ე.წ მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკვა. მალევე მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც ის გარდაიცვალა.

დემონსტრანტები ითხოვენ გაუქმდეს კანონი, რომელიც 9 წელს გადაცილებულ ყველა ქალს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

რატომ ზღუდავს ინტერნეტზე წვდომას ირანის ხელისუფლება?

ირანში ინტერნეტის შეზღუდვა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის ერთ-ერთი მეთოდია.

  • სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს ათამდე ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ასობით მოქალაქე.
  • ოფიციალური საინფორმაციო წყაროები ირანში ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • ირანის მთავრობა უარყოფს, რომ აქციის მონაწილეები ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დახოცეს და ამბობს, რომ შესაძლოა ეს შეიარაღებულმა დისიდენტებმა ჩაიდინეს.
  • ინტერნეტი და სოციალური ქსელები კი დემონსტრანტებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მუსლიმი ქალების ვიდეოები, რომლებიც პროტესტის ნიშნად თავსაბურავებს იხსნიან და თმას იჭრიან.

ბრიტანული ორგანიზაცია NetBlocks-ის ინფორმაციით:

  • ირანში მობილური ინტერნეტი გაითიშა თითქმის ყველა ქსელზე
  • 21 სექტემბერს ირანში წვდომა შეიზღუდა Instagram-სა და WhatsApp-ზე.
  • სხვა სოციალური ქსელები: Facebook, Youtube, Telegram და Twitter ირანში მანამდეც დაბლოკილი იყო.
  • მოსახლეობა ამ პლატფორმებზე შესვლას VPN-ით (ვირტუალური კერძო ქსელი) ახერხებს.

რა მოხდა 2019 წელს?

  • 2019 წლის ნოემბერში ირანის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს ინტერნეტი ერთი კვირით გათიშა.
  • საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეშენალის” მონაცემებით, საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული დემონსტრაციების დროს 2019 წელს ირანის უსაფრთხოების ძალებმა 323 ადამიანი მოკლეს.
  • ორგანიზაცია ამბობს, რომ ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი მიზანმიმართულად, ადამიანის უფლებების დარღვევების მასშტაბების დასამალად, დაბლოკა.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფოებმა მშვიდობიანი შეკრებების დროს ინტერნეტ კავშირი არ უნდა დაბლოკონ ან შეაფერხონ, ზოგიერთი მთავრობა ამ მეთოდს, მისთვის არასასურველი აქციების ჩასახშობად იყენებს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ