06.10.2022
მოკლედ, რა ხდება?
- საქართველოს პარლამენტის მოქმედმა წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პოსტვ"-ის ს 52% 520 000 ლარად იყიდა.
- ეს ნიშნავს, მოქმედი დეპუტატი ფლობს კომპანიის საკონტროლო პაკეტს.
რა არის პრობლემა და რა არ არის?
- კანონით, პრობლემა არ არის, რომ პარლამენტის წევრი მედიას ფლობდეს.
- პრობლემაა, რომ კანონის ამავე რედაქციით იხელმძღვანელა მარეგულირებელმა კომისიამ, როდესაც 2016 წელს დეპუტატ ნატო ჩხეიძეს არ მისცა ტელევიზიის ფლობის უფლება.
რატომ არის თემა მნიშვნელოვანი?
- "მაუწყებლობის შესახებ" კანონში განსაზღვრულია, ვის არ აქვს უფლება ფლობდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას.
- ჩამონათვალში დეპუტატები არ არიან, თუმცა, პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ კანონში ტერმინების გაგება მარეგულირებელი კომისიისა და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის განსხვავებული და დილემურია.
დეტალურად
რას ამბობს კანონი?- "მაუწყებლობის შესახებ" კანონის 37-ე მუხლით, არ შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, ან საჯარო მოხელე მაუწყებლის სფეროში ლიცენზიის მფლობელი იყოს.
- ასეთ შემთხვევაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ვალდებულია, განიხილოს საკითხი და კანონით განსაზღვრული ნორმის მიხედვით იმოქმედოს.
პოზიციები:
- კომუნიკაციების ეროვნული კომისია: "საჯარო სამსახურის კანონის თანახმად, დეპუტატი არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს. შესაბამისად, ვინაიდან ვიქტორ ჯაფარიძე არც საჯარო მოხელეა და არც ადმინისტრაციული ორგანოს, ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი, მის მიერ მაუწყებლის წილის შეძენა არ ეწინააღმდეგება "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს".
- ვიქტორ ჯაფარიძე არ მიიჩნევს, რომ "პოსტივის” წილის ფლობით კანონს არღვევს თუმცა, თქვა, რომ აპირებს, კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში მინდობილობით გადასცეს მართვაში სხვა პირს.
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის ადვოკატირების კოალიცია, რომელიც 16 ორგანიზაციას აერთიანებს, კომუნიკაციების კომისიას მოუწოდებენ, შეისწავლოს ვიქტორ ჯაფარიძის მიერ, "პოსტვ"-ის ფლობის კანონიერების საკითხი და იხელმძღვანელოს იმავე სტანდარტით, რაც 2016 წელს, ტელეკომპანია “იბერიის” შემთხვევაში გამოიყენეს.
- ორგანიზაციების მიმართვისთვის მარეგულირებელ კომისიას ჯერ არ უპასუხია.
სანქციები:
- მაუწყებლობის შესახებ კანონის 37-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია, მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
- მარეგულირებელი კომისიის მიერ მაუწყებლობის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა, ან პრევენცია, ხოლო ამისთვის მაუწყებელს "გონივრული ვადა ეძლევა".
რა ხდება, თუ მაუწყებელი მარეგულირებელი კომისიის გაფრთხილებას არ გაითვალისწინებს?
- კომისია ვალდებულია მაუწყებელს ჯარიმა დააკისროს.
- ხოლო, მაუწყებელს აქვს უფლება კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
კონტექსტი:
- ვიქტორ ჯაფარიძემ "ქართული ოცნება" 2022 წლის 4 ოქტომბერს დატოვა და მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდა. ეს მოძრაობა ანტიდასავლური განხადებებითაა ცნობილი.
- "ხალხის ძალა" თავდაპირველად, "ქართული ოცნებიდან" წასულმა ოთხმა დეპუტატმა დააარსა, ახლა მათ მმართველი პარტიიდან კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა.
- "პოსტვის" წილების შეძენის შემდეგ, ტელევიზია ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, "რომ არხი "ხალხის ძალას" მედიაპლატფორმა გახდება - მოძრაობას “პოსტივის” 8 წამყვანი და ანალიტიკოსი შეუერთდა.