როგორ იყენებენ ულტრამემარჯვენე ძალები ონლაინ და სოციალურ მედიას პროპაგანდისთვის საქართველოში — კვლევა
12.10.2022
რა ხდება?
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) ულტრამემარჯვენე ძალების რიტორიკა შეისწავლა, რომელსაც ისინი ონლაინ და სოციალური მედიით ავრცელებდნენ.
  • ორგანიზაციამ, პროპაგანდისტული შინაარსის 2 000-ზე მეტი მასალა გააანალიზა. მონიტორინგის პერიოდი: 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტო.

რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი?

DRI-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლეგიტიმაცია და გავლენა გაიზარდა და ეს ორმა ფაქტორმა განაპირობა:
  • მათ მიერ სოციალურ მედიაში წარმოებულმა კამპანიებმა და
  • ულტრამემარჯვენე ლიდერების მედია გაშუქების სიხშირემ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები სოციალურ ქსელებს მხარდამჭერთა მობილიზაციისა და საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვისაც აქტიურად იყენებენ.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

  • ულტრამემარჯვენე ძალები გავლენას ახდენენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. მათ შორის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.
  • ანტიდასავლური რიტორიკით თანხვედრაში არიან მმართველ პარტიასთან, "ქართული ოცნებასთან".
  • მხარს უჭერენ რუსეთის სასარგებლო პოზიციებს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას.
  • ვაქცინაციის პროცესის დასაზიანებლად, საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებსა და განწყობებს ქმნიდნენ.

ულტრამემარჯვენეების 3 მთავარი მიზანი:

1 — ანტიდასავლური რიტორიკის გავრცელება

  • ულტრამემარჯვენეები, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან ღიად დაკავშირებული პირების მსგავსად, აწარმოებდნენ დეზინდორმაციულ კამპანიას, თითქოს, დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნას.
  • ეს რიტორიკა განსაკუთრებით აქტიურდება მაშინ, როდესაც დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.
  • მაგალითად: 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია "საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ" და ივანიშვილი დემოკრატიული პროცესების გაუარესების გამო გააკრიტიკეს. ამას მოჰყვა ანტიდასავლური რიტორიკა როგორც "ქართული ოცნების", ასევე ულტრამემარჯვენე "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერებისგან.
2 — ნატოს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

  • სამხედრო ნეიტრალიტეტზე აპელირებით ავრცელებდნენ მოსაზრებას საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების აუცილებლობის შესახებ.
  • კოლექტიური დასავლეთისა და ნატოს წინააღმდეგ მიმართული მედია კამპანია კრემლისტური მედია საშუალებების მიზნებთან მოდიოდა თანხვედრაში.

3 — პროკრემლისტური რიტორიკის მხარდაჭერა
  • რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ღიად ლობირებდნენ რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
  • მიმართავდნენ უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას.
  • უარყოფდნენ რუსეთის მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღების ფაქტებს.
  • ულტრამემარჯვენე ლიდერები ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ აზრი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება უკრაინის პროვოცირებული იყო, "დასავლური" ძალების წაქეზებით.

როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას?

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ულტრამემარჯვენეები იყენებენ:

1 — ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიების ოფიციალურ და მხარდამჭერ გვერდებს:
  • "ეროვნული მოძრაობა — ქართული მარში"
  • "ქართული იდეა"
  • "კონსერვატიული მოძრაობა"
  • "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"
2 — მედიებს:
  • "ალტ-ინფო"
  • "საქართველო და მსოფლიო"
  • "საქინფორმი"
  • News Front"
3 — ორგანიზაციებს:
  • "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება"
  • "ზნეობა"
  • "ერთობა, რაობა, იმედი"
  • "ერი და სახელმწიფო"

4 — ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი პირების პირად ფეისბუქგვერდებს.

პროპაგანდისტური პოსტების ტიპები:

DRI-ის მონიტორინგის ფარგლებში საინფორმაციო მასალის რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
  • პოსტების თითქმის სამ მეოთხედს შეადგენდა ტექსტური მასალა (სტატუსი, სტატია).
  • 11%-ს ვიდეო კონტენტი (ლაივ ჩართვების ჩათვლით) და 16%-ს ფოტო მასალა. შესწავლილი.
  • პოსტების ჯამურმა ინტერაქციამ გამოავლინა, რომ ყველაზე მაღალი ინტენსივობით ომის საფრთხეებზე ხაზგასმით ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისკენ მიმართული გზავნილები გამოირჩეოდა.

alt

კვლევის მეთოდოლოგია:

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ:

  • გაანალიზდა ის ონლაინ მედია კონტენტი, სადაც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ულტრამემარჯვენე ძალების სამოქმედო დღის წესრიგისა და პოსტულატების ჩამოყალიბება-გავრცელება.
  • მანიპულაციური და პოპულისტური ნარატივების გავრცელების სიხშირე და არეალი ხარისხობრივად ფეისბუქის ანალიტიკური ხელსაწყო CrowdTangle-ს გამოყენებით შეისწავლეს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ