19.10.2022
სატელევიზიო აუდიტორიას საქართველოში აუდიტორიის მთვლელი ორი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა ზომავს, თუმცა, მათი მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა და ტელევიზიებიდანაც ნდობას ზოგი ერთს უცხადებს, ზოგი — მეორეს.
რა არის პრობლემა?
მსოფლიო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ბევრ ქვეყანაში სატელევიზიო რეიტინგებს არა ორი ან მეტი, არამედ ერთი კომპანია ადგენს. 2020 წელს მსგავსი საკითხი საქართველოშიც დადგა, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.- მაუწყებლები, ორივე კომპანიის მიღმა პოლიტიკურ მოტივაციებს ხედავენ.
- ტელევიზიები, გადაწყვეტილებასაც იმის მიხედვით იღებენ, თუ ვის მონაცემებს უფრო ენდობიან.
- სწორედ მთვლელი კომპანიების მონაცემები განსაზღვრავს მათ შემოსავლებს, განვითარებასა და საერთოდ, არსებობის საკითხსაც კი.
მოკლედ, ტელევიზიების რეიტინგის მთვლელი კომპანიების შესახებ საქართველოში:
Nielsen — ამერიკული კომპანიაა, რომლის ლიცენზირებული პარტნიორიც საქართველოში კომპანია "TV MR საქართველოა".
მის დამკვეთებს შორის არიან:
- მთავარი არხი;
- ტვ პირველი;
- ფორმულა;
- საზოგადოებრივი მაუწყებელი;
- კავკასია.
Kantar Media — ბრიტანული კომპანია. საქართველოში მისი ექსკლუზიური ლიცენზია "Tri Media Intelligence"-ს ეკუთვნის.
მის დამკვეთებს შორის არიან:
- იმედი;
- რუსთავი 2;
- მაესტრო;
- პოს ტვ;
- ალტ ინფო;
- GDS.
რეიტინგების მდგენელი ორგანიზაციები და პოლიტიკა
"TV MR საქართველო" გოჩა ცქიტიშვილმა დააარსა და ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, როგორც აუდიტორიის მთვლელი კომპანია."ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მათ მთავრობის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კი კომპანიას პრობლემები შეექმნა — 2014 წელს შემოსავლების სამსახურის აუდიტის სამსახურმა მათი შემოწმება დაიწყო და სატელევიზიო კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების გამჟღავნება მოსთხოვა.
რა პრობლემაა, თუ შემოსავლების სამსახურს ეცოდინება კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართები?
- 2014 წელს, არასამთავრო ორგანიზაციები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას ეს კვლევაში მონაწილე ოჯახებზე ზეწოლის საშუალებას მისცემდა, რაც შესაძლოა, ოჯახების თვითცენზურაზეც ასახულიყო — თავი შეეკავებინათ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისაგან.
2 წლის შემდეგ, 2016 წელს საქართველოში მეორე მთვლელი კომპანია "Tri Media Intelligence" შემოვიდა.
Tri Media Intelligence - მას ორი დამფუძნებელი ჰყავს — გიორგი თევდორაშვილი და მერაბ ფაჩულია.
ფაჩულიას ეკუთვნის კომპანია “გორბი”, რომელიც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია “იმედისთვის” ეგზიტპოლებსა და გამოკითხვებს ატარებს.
"იმედისა" და "გორბის" ეგზიტპოლები და გამოკითხვები არაერთხელ გახდა პოლიტიკური სკანდალის მიზეზი. "გორბის" ეკუთვნის "იმედის" ბოლო გახმაურებული გამოკითხვა, სადაც კითხვა ასეთი ფორმულირებით დასვეს: "თუ დასავლეთი მოსთხოვს, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს პოზიცია?".
- საგულისხმოა, რომ სწორედ მერაბ ფაჩულიას "გორბი" ატარებს საველე სამუშაოებს მისივე სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის კომპანიისთვის — "Tri Media Intelligence".
როგორ ადგენს სატელევიზიო რეიტინგებს "TV MR საქართველო" და "Tri
Media Intelligence"?
"ფიფლმეტრებით" — ასე ჰქვია ტექნოლოგიას, რომელსაც სატელევიზიო
აუდიტორიის კვლევებისთვის, სტანდარტულად მთელ მსოფლიოში იყენებენ."ფიფლმეტრს" აყენებენ კვლევისთვის შერჩეულ ოჯახებში არსებულ ყველა ტელევიზორზე. მოწყობილობის დისტანციური მართვის პულტზე კი, ოჯახის ყველა წევრისთვის შესაბამისი ღილაკია გამოყოფილი.
კვლევაში მონაწილე ოჯახების ქცევაზე დაკვირვებით, "ფიფლმეტრი" მუდმივად ასახავს და ინახავს ინფორმაციას თუ რას უყურებს ოჯახის თითოეული წევრი.
სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას, დამკვეთი სწორედ ამ დამუშავებულ მონაცემებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას — რომელ არხზე, ან რომელ კონკრეტულ გადაცემაში დახარჯოს ფული.
სად ტარდება კვლევა?
კომპანიები, აუდიტორიის კვლევისთვის ირჩევენ ქალაქებს, სადაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოში ასეთი 7 ქალაქია.
აუდიტორიის შერჩევისას გათვალისწინებულია ქვეყნის სოციო-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფაქტორები, რათა სარეკლამო ინდუსტრიამ იცოდეს, რა შემოსავლების მქონე ადამიანები უყურებენ ამა თუ იმ არხს, ან გადაცემას.
- Kantar Media კვლევისთვის 540 ოჯახს აკვირდება.
- Nielsen კი, 450 ოჯახს.
კვლევაში მონაწილეობა არ შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა წევრ(ებ)ი დაკავშირებული არიან საქმიანობის ისეთ სფეროებთან, როგორიცაა: მედია, რეკლამა, პოლიტიკა, ან საჯარო სამსახური, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე პირი მაღალ თანამდებობას იკავებს.
მთელი ეს პროცესი მაყურებლისთვის უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, სარეკლამო კომპანია „Betterfly Media“-მ პოპულარულ ენაზე მომზადებულ ამ ვიდეოში ახსნა — რა არის სატელევიზიო კვლევის პანელი.
რას გვაჩვენებს სტატისტიკა?
- ორივე მთვლელი კომპანიის შედეგების მიხედვით, ტელეკომპანია "იმედი" საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელევიზიაა და მას ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
- მანამ, სანამ "რუსთავი 2"-ში მენეჯმენტი შეიცვლებოდა და არხს მაშინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას გუნდი დატოვებდა, "იმედს" ყველაზე დიდ კონკურენციას სწორედ ტელეკომპანია "რუსთავი 2" უწევდა.
- 2019 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-დან წასულმა შემადგენლობამ ტელეკომპანია "მთავარ არხზე" გააგრძელა მუშაობა, "იმედის" მთავარი კონკურენტი "მთავარი არხია".
ამავე თემაზე: ქართველი მაყურებლის პორტრეტი — ვინ და რას უყურებს ტელევიზორში