ნათია კაპანაძის სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
02.11.2022

რა ხდება?

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საჩივარი ტელეკომპანიის წინააღმდეგ.
კაპანაძე ამბობს, რომ სარჩელით მიმართავს უზენაესს სასამართლოსაც, როგორც ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში დარჩენილ რესურსს, და სამართლებრივ ბრძოლას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითაც აპირებს.

ნათია კაპანაძე ითხოვდა:
  • მაუწყებლის ბორდის მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
  • თანამდებობაზე აღდგენას.
  • იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
  • დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ბათილად ცნობას.

"სასამართლომ, დღევანდელი გადაწყვეტილებითაც დაადასტურა, რომ მედიის დამოუკიდებლობა არ არის პრიორიტეტი. აბსოლუტურად პოლიტიკური კონტექსტით განიხილა საქმე და შესაბამისი გადაწყვეტილებაც პოლიტიკური მოტივაციით მიიღო." - ამბობს კაპანაძე - "ეს გადაწყვეტილება ისევე შორს არის შინაარსობრივი განხილვისგან, როგორც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება."

კონტექსტი:

  • 2022 წლის 6 მაისს, ნათია კაპანაძის იდენტური საჩივარი არც ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
  • ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა დირექტორობიდან მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან 2019 წლის 19 აპრილს გადააყენა.
  • იმპიჩმენტის ინიციატორები გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ.
სხვადასხვა საკითხთან ერთად, ნათია კაპანაძეს ედავებოდნენ:
  • „მისი დირექტორობის დროს მაუწყებლის რეიტინგის შემცირებას.“
  • „რომ ის არ თანამშრომლობდა მრჩეველთა საბჭოს წევრებთან და მათთან ურთიერთობას ტელევიზიის თანამშრომლებსაც უკრძალავდა.“
  • „რომ ტელევიზიაში არ სრულდებოდა პრიორიტეტები და გარკვეული საკითხები კანონის გვერდის ავლით წყდებოდა.“

კაპანაძის იმპიჩმენტის საქმე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშში:

  • აშშ-ს სახ.დეპის 2020 წლის ანგარიშში ნახსენებია, რომ სამოქალაქო ჯგუფების განცხადებით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ, მმართველი პარტია “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გადაჭარბებული გავლენის მოპოვების მცდელობას აგრძელებდა.
  • ორგანიზაციის "რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" (RSF) 2021 წლის ანგარიშში წერია, რომ "აჭარის ტელევიზია მმართველი პარტიის მხარდაჭერას შეუდგა მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ და ჟურნალისტები გაათავისუფლეს."

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ