60 ორგანიზაცია შარლ მიშელს სთხოვს, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართოს
09.11.2022

რა ხდება?

  • "მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხადაჭერის თხოვნით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საქართველოდან 60 ორგანიზაცია წერილით მიმართავს.
  • ინიციატივის ავტორია მედიის ადვოკატირების კოალიცია.
  • ორგანიზაციები გვარამიას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებენ და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს სთხოვენ, საქართველოს პრეზიდენტს, კრიტიკული არხის დამფუძნებელის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
"ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი", — წერია განცხადებაში.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ:

  • ნიკა გვარამიას პატიმრობის მიზეზი ის არის, რომ ხმამაღლა აკრიტიკებს ხელისუფლებას;
  • გვარამიას აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე; გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
  • საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს გვარამიას დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს.
  • მიმართვაში აღნიშნულია ისიც, რომ როგორც "მთავარ არხზე", ასევე, სხვა ტელეკომპანიებზე, ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება თავდასხმა და შევიწროება.
"კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ ველით, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში. ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება".

კონტექსტი:

  • ვიდრე მედიის კოალიცია, 60 ორგანიზაციასთან ერთად, შარლ მიშელს გაუგზავნიდა წერილს, ამავე მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 2022 წლის 2 ნოემბერს მას შემდეგ მიმართა, რაც სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი პატიმრობაში 3 წლითა და 6 თვით დატოვა.
  • 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დამნაშავედ ცნო სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
  • საქალაქო სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2-სთვის“ 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზეც და ამ ნაწილში სასჯელის ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.
  • 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა ქართული მედიის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ნიკა გვარამიას შესახებ წერია, რომ "გადაიხედოს ქვეყნის მთავარი ოპოზიციური მაუწყებლის მთავარი რედაქტორის ნიკა გვარამიას სასჯელი."
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ